10 ოქტომბერი   მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

დღევანდელი ცხოვრება განსაკუთრებით რთულ წინააღმდეგობას გვთავაზობს: არასდროს გვქონია ამდენი ინფორმაცია საკუთარ თავზე და, ამასთან ერთად, შესაძლოა, არასდროს ყოფილა ასე რთული საკუთარ თავთან ყოფნა და თანაარსებობა.

ყველამ ვიცით, როგორ უნდა ვიკვებოთ, ვივარჯიშოთ, ვიმუშაოთ, ვიზრუნოთ სხეულზე, გავზარდოთ შვილები, ავაშენოთ კარიერა და ვიყოთ „წარმატებულები“. სოციალური ქსელები ყოველდღიურად გვიჩვენებს ადამიანებს, რომლებიც თითქოს ყველაფერს ასწრებენ , არიან პროდუქტიულები, ლამაზები, ჯანმრთელები, ბედნიერები და ემოციურად სტაბილურები.

თუმცა არსებობს ერთი კითხვა, რომელსაც გაცილებით იშვიათად ვუსვამთ საკუთარ თავს: როგორ ვარ სინამდვილეში?

მენტალური ჯანმრთელობა სწორედ ამ კითხვასთან დაბრუნების შესაძლებლობაა.

ფსიქიკური ჯანმრთელობა მხოლოდ დიაგნოზის არქონას არ ნიშნავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მენტალურ ჯანმრთელობას განიხილავს როგორც კეთილდღეობის მდგომარეობას, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, გაუმკლავდეს ცხოვრების ყოველდღიურ სტრესს, განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, ისწავლოს, იმუშაოს და წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაშიც.

ადამიანი შეიძლება არ აკმაყოფილებდეს რომელიმე ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს და მაინც ცხოვრობდეს მუდმივი შფოთვის, გადაღლის, მარტოობის, შინაგანი სიცარიელის ან საკუთარ თავთან გაუცხოების მდგომარეობაში. და პირიქით — ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულე არ უგულებელყოფს ადამიანის შესაძლებლობას, ჰქონდეს ურთიერთობები, მიზნები, სიყვარული, სიახლოვე და ცხოვრების აზრი.

ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის სტატიკური მდგომარეობა. ის დინამიკური პროცესია. ჩვენ ყველანი ვმოძრაობთ ფსიქოლოგიური კეთილდღეობის სხვადასხვა წერტილს შორის. ამაზე გავლენას ახდენს სტრესი, დანაკარგი, ურთიერთობები, სხეულის მდგომარეობა, სოციალური გარემო, ძილი, ფინანსური და სამუშაო პირობები, განვითარების ეტაპები და მოულოდნელი მოვლენები. ამიტომაც მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მაშინ არ იწყება, როცა „რაღაც სერიოზულად გვჭირს“.

ხშირად ადამიანი დახმარებას მაშინ ითხოვს, როცა უკვე ძალიან დიდხანს ითმინა და რესურსი ამოეწურა

ფსიქოთერაპიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი შეიძლება იყოს ის, როცა ადამიანი პირველად ამბობს: „აღარ მინდა ასე ყოფნა“. ზოგჯერ ამას წინ უძღვის თვეების ან წლების განმავლობაში საკუთარი განცდების გაუფასურება: „ყველას უჭირს“; „ჩემზე უარეს მდგომარეობაშიც არიან“; „უნდა გავუძლო“; „სხვებს ხომ არ შევაწუხებ“; „ალბათ, უბრალოდ ზარმაცი ვარ“; „თავად უნდა შევძლო“.

ეს ფრაზები მხოლოდ პირადი დამოკიდებულებები არ არის. ისინი იმ კულტურული წარმოდგენების ნაწილიცაა, რომელშიც მოწყვლადობა სისუსტედ აღიქმება. თუმცა ფსიქოლოგიური დახმარების ძიება სისუსტის ნიშანი საერთოდ არ არის. დახმარების თხოვნა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ საკუთარი გამოცდილების მარტო ტარება ყოველთვის აუცილებელი არ არის.

ფსიქოთერაპიის მიზანი არ არის ადამიანისგან „პრობლემებისგან თავისუფალი“ ვერსიის შექმნა. მისი მიზანი შეიძლება იყოს საკუთარი გამოცდილების უკეთ გაგება, ემოციებთან უფრო მოქნილი ურთიერთობა, განმეორებადი ქცევითი პატერნების გაცნობიერება, არჩევანის შესაძლებლობის გაფართოება და საკუთარი ცხოვრების მიმართ უფრო ავტონომიური პოზიციის ჩამოყალიბება.

ჩვენს ფსიქიკას სხეულის მსგავსად სჭირდება მოვლა

ჩვენ სერიოზულად ვიღებთ სხეულის ტკივილს. თუ ფეხი გვტკივა, ექიმთან მივდივართ. თუ სიცხე გვაქვს, ვასვენებთ ორგანიზმს. მაგრამ ფსიქოლოგიურ ტკივილს ხშირად სრულიად განსხვავებულად ვექცევით. ვაგრძელებთ მუშაობას. ვზრდით შვილებს. ვხვდებით ადამიანებს. ვიღიმით. ვპასუხობთ შეტყობინებებს. ამ დროს შინაგანად შეიძლება უკვე დიდი ხანია ვცხოვრობთ გადაღლილობის, შფოთვის ან სიცარიელის მდგომარეობაში.

მენტალური ჯანმრთელობისადმი თანამედროვე მიდგომა გვასწავლის, რომ ფსიქოლოგიური ტკივილის იგნორირება მისი გაქრობის გარანტია არ არის. ზოგჯერ დაუმუშავებელი გამოცდილება იწყებს გამოხატვას ძილის დარღვევით, გაღიზიანებით, მუდმივი დაძაბულობით, კონცენტრაციის გაძნელებით, ურთიერთობებში განმეორებადი კონფლიქტებით, სოციალური იზოლაციით ან სხეულებრივი სიმპტომებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ფიზიკურ სიმპტომს ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს. პირიქით — კარგი ზრუნვა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში როგორც სამედიცინო, ისე ფსიქოლოგიური შეფასების მნიშვნელობის აღიარებას.

დღევანდელი ახალგაზრდობა იზრდება სამყაროში, სადაც საკუთარი თავის სხვებთან შედარება თითქმის მუდმივი პროცესია. ციფრული სივრცე ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, მაგრამ, ამავე დროს, შეუძლია გაზარდოს სოციალური შედარება, სხეულის მიმართ უკმაყოფილება, მარტოობის განცდა, ინფორმაციული გადატვირთვა და მუდმივი „ხელმისაწვდომობის“ მოთხოვნა. ამიტომ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ასობით ონლაინკონტაქტი და მაინც განიცდიდეს ღრმა მარტოობას.

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი განსხვავების სწავლა: კავშირი არ არის მხოლოდ კომუნიკაცია.

კავშირი არის განცდა, რომ შეგიძლია იყო ნამდვილი, დაუცველი, დაბნეული, არასრულყოფილი და მაინც იყო სხვისთვის მისაღები. სწორედ ასეთი ურთიერთობები წარმოადგენს ფსიქოლოგიური მდგრადობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს.

მშობლებისთვის მენტალური ჯანმრთელობის საკითხი კიდევ უფრო ღრმაა

ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა მხოლოდ ბავშვის ქცევით არ იწყება. ბავშვი საკუთარ ემოციურ სამყაროს ურთიერთობაში ავითარებს. ის სწავლობს, რა არის შიში, ბრაზი, სევდა, სიახლოვე და დამშვიდება — იმ გზითაც, თუ როგორ პასუხობენ უფროსები მის ემოციებს. ეს არ ნიშნავს, რომ მშობელი ყოველთვის მშვიდი უნდა იყოს. „იდეალური მშობელი“ არ არსებობს.

არსებობს მშობელი, რომელსაც შეუძლია შეცდომის შემდეგ ურთიერთობაში დაბრუნება, ბოდიშის მოხდა, საკუთარი ემოციის აღიარება და ბავშვის განცდის მოსმენა.

ბავშვისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ არასოდეს ნახოს მშობლის გაბრაზება. მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომ კონფლიქტის შემდეგ შესაძლებელია კავშირის აღდგენა. ამიტომ ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგთან მიყვანას არ გულისხმობს. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იწყება ოჯახში — იმით, თუ როგორ ვუსმენთ ერთმანეთს, როგორ ვსაუბრობთ ემოციებზე, როგორ ვაწესრიგებთ საზღვრებს და როგორ ვაგრძნობინებთ ბავშვს, რომ მისი შინაგანი გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

და მაინც რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყოველდღიურად?

მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის დიდ გადაწყვეტილებებს არ მოითხოვს. შეგვიძლია დავიწყოთ რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩვევით:

შევამჩნიოთ საკუთარი მდგომარეობა.

დღეში ერთხელ მაინც ვკითხოთ საკუთარ თავს: რას ვგრძნობ ახლა? რა მჭირდება?

არ დაველოდოთ კრიზისს.

თუ შფოთვა, დაბალი განწყობა, გადაღლილობა, ძილის დარღვევა ან ურთიერთობის სირთულეები ხანგრძლივდება და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოქმედებს, პროფესიული კონსულტაცია შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს.

ვიზრუნოთ სხეულზე.

ძილი, მოძრაობა, კვება და ფიზიკური ჯანმრთელობა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

შევინარჩუნოთ რეალური ურთიერთობები.

ადამიანს სჭირდება არა მხოლოდ აუდიტორია, არამედ ურთიერთობა, სადაც შეუძლია საკუთარი თავის გამოჩენა ნიღბის გარეშე.

ვისწავლოთ საზღვრების დაცვა.

ყველაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ყველას ვერ ვასიამოვნებთ. და „არა“ ყოველთვის უარყოფას არ ნიშნავს.

დავუშვათ, რომ დახმარება შეიძლება დაგვჭირდეს.

ფსიქოთერაპია არ არის მხოლოდ მძიმე პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ის შეიძლება იყოს სივრცე საკუთარი თავის უკეთ გასაგებად, ცვლილებისთვის და იმ ცხოვრების შესაქმნელად, რომელშიც ადამიანი უფრო მეტად გრძნობს საკუთარ თავს.

მენტალური ჯანმრთელობა იწყება იქ, სადაც საკუთარ თავს აღარ ვტოვებთ მარტო

არ არის აუცილებელი ბოლომდე დაიშალო, იმისთვის რომ დახმარება დაიმსახურო.

არ არის აუცილებელი გქონდეს დიაგნოზი, რომ შენი ტკივილი მნიშვნელოვანი იყოს.

არ არის აუცილებელი სხვაზე უარესად იყო, რომ მხარდაჭერა გჭირდებოდეს.

და არ არის აუცილებელი ყველაფერს მარტო გაუმკლავდე.

10 ოქტომბერი მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე არ უნდა იყოს. ეს შეხსენებაა, რომ საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა ისეთივე ბუნებრივი უნდა გახდეს, როგორც სხეულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. იმიტომ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის ცხოვრებისგან განცალკევებული ნაწილი. ფსიქიკა არის სივრცე, საიდანაც ჩვენ გვიყვარს, ვაკეთებთ არჩევანს, ვმუშაობთ, ვზრდით შვილებს, ვქმნით ურთიერთობებს და საბოლოოდ ვცხოვრობთ.

საკუთარ თავთან კავშირის შენარჩუნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა იმისა, თუ როგორ ვუფრთხილდებით საკუთარ ცხოვრებას.

 

სტატიის ავტორი: მენტალური ჯანმრთელობის ცენტ ინტეგრას ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპევტი ქეთი დალინკევიჩი