თავისუფლება და პასუხისმგებლობა პიროვნული ზრდისთვის

ერთმა მსჯავრდებულმა, რომელმაც მეორე სასჯელის მოსახდელად ოთხი წელი დაჰყო ციხეში, დაწესებულების დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა, ამდენი ხანი ვიცხოვრე სხვების დადანაშაულებით, ვფიქრობდი, რომ ჩემი ყველა წარუმატებლობა სხვა ადამიანების ბრალი იყო, ახლა ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება აქამდე ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ის მე თავად შევქმენი. ამის თქმისას, სრული სიმშვიდე და თავდაჯერებულობა ეტყობოდა. თითქოს  წარსულის ყველა ტვირთისგან გათავისუფლდა და პირველად შეძლო, რომ საკუთარ ცხოვრებაზე აეღო პასუხისმგებლობა. ეგზისტენციალური ფსიქოლოგია ამგვარ გამოვლინებას თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ურთიერთგადაჯაჭვულ ცნებებად მოიაზრებს.

ვიქტორ ფრანკლმა, რომელმაც წლები გაატარა სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში და შემდეგ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა ახალი თერაპიული მიმართულება ,,ლოგოთერაპია”, პატიმრის ამპლუაში აღმოაჩინა, რომ ყველაზე არაადამიანურ გარემოშიც კი ადამიანს თავად შეუძლია აირჩიოს გამკლავების გზა. ის წერდა: ,,შენს კონტროლს მიღმა არსებულ ძალებს შეუძლიათ წაგართვან ყველაფერი, გარდა ერთისა – შენი თავისუფლება, რომ თავად აირჩიო, როგორ უპასუხო ამ გარემოებას.” ფიზიკური და სოციალური ტყვეობის პირობებში ამ ფსიქოლოგიური თავისუფლების დახმარებით შეძლო ეპოვა საზრისი საკუთარ ტანჯვაში და, როგორც თავად ამბობს, სწორედ ასე გადაურჩა სიკვდილსაც. ეს თავისუფლებაა.

ბრალდებულ-მსჯავრდებულებთან ჩემი მუშაობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ჭეშმარიტება, რომელსაც დავაკვირდი და აღმოვაჩინე, ისაა, რომ მათ, ვინც ღიად მიუთითებდნენ საკუთარ ბრალზე, ესმოდათ, როგორ და რატომ აღმოჩნდნენ იმ გარემოში, აცნობიერებდნენ საკუთარი ქმედების შინაარსს, ბევრად უფრო უადვილდებოდათ რთულ გარემოსთან ადაპტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება, ვიდრე მათ, ვინც სხვა ადამიანებსა თუ მოვლენებს იმიზეზებდა თავის გასამართლებლად. ეს პასუხისმგებლობაა.

თავისუფლება, ეგზისტენციალური პერსპექტივიდან, შეუძლებელია განვაცალკევოთ პასუხისმგებლობისგან. თავისუფლებას აუცილებლად თან სდევს პასუხისმგებლობაც. თუმცა თანამედროვე სამყაროში, ადამიანთა უმრავლესობა ეძებს თავისუფლებას, მაგრამ ცდილობს თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა. თავიდან არიდების ამგვარ მცდელობას კი, შესაძლოა, ფსიქოლოგიური შედეგი მოჰყვეს დანაშაულის განცდის, შფოთვის, დეპრესიისა თუ ბრაზის სახით.

პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მრავალი გზა არსებობს. ამერიკული კვლევების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოხატულება კონფორმიზმია. ადამიანები აქტიურად მიაკუთვნებენ თავს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს, პოლიტიკურ პარტიას, რწმენათა სისტემას და ამას აკეთებენ ბრმად, საკუთარი თავის, საკუთარი ნამდვილი ღირებულებების საპირისპიროდ. ამგვარი გადაჭარბებული მიკუთვნებულობით ადამიანი თავადვე თმობს კრიტიკული აზროვნების პასუხისმგებლობას და ამით კარგავს თავისი ღირებულებების ავთენტურობას.

იმისთვის, რომ თავისუფლების ასეთ დაკარგვას გადავურჩეთ, საჭიროა ვიცოდეთ საკუთარი თავი. ოტო რანკი ფიქრობდა, რომ თვითგაცნობიერებაა ნამდვილ თავისუფლებამდე მისასვლელი გზა. თუმცა ადამიანთა უმრავლესობა გაუცნობიერებელ ცხოვრებას ირჩევს, რადგან ძალიან საშიშია ვიცოდეთ, ვინ ვართ და როგორია ჩვენი სინამდვილე. მეორე მხრივ კი, ამის ცოდნა ავთენტური ცხოვრებისთვისაა საჭირო, რაშიც თერაპიას შეუძლია დაგვეხმაროს.

ცვლილება ვერ მოხდება, თუ ადამიანი არ იღებს პასუხისმგებლობას. ეს პიროვნული ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა. იმისათვის, რომ მიხვდე, გააცნობიერო, გაიზარდო, საჭიროა აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ წარსულზე, გადაწყვეტილებებზე, ყველა იმ ქმედებაზე, რომლებითაც აქამდე მოხვედი.

ამისათვის თერაპევტი ცდილობს კლიენტის თავდაცვის მექანიზმებში შეღწევას. თუმცა ეგზისტენციალური პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, თერაპევტი არა მხოლოდ კლიენტს სცემს პატივს, არამედ მის თავდაცვის მექანიზმებსაც. ცვლილება არ არის ძალდატანებითი. თერაპევტი ელოდება დროს, როცა კლიენტი იქნება მზად, დათმოს საკუთარი თავდაცვა და უფრო ღრმად შევიდეს ამა თუ იმ საკითხში. თერაპევტის ფუნქცია კლიენტის მხარდაჭერა და წახალისებაა, ერთად გამოიკვლიონ ის საკითხები, რომელთა დაცვასაც ცდილობს კლიენტი ბევრი ბარიერის მეშვეობით, ამავე დროს, თერაპევტი პატივს სცემს ამ პროცესში კლიენტის უარსაც.

ბოლოს ისევ კანონდამრღვევებითა და როლო მეის, ცნობილი ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტის, მონათხრობით დავასრულოთ: ,,როცა სალექციო ტურის ფარგლებში სან ქუენტინის პატიმრებთან გასაუბრება მთხოვეს, დავრწმუნდი, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მათ იგრძნეს, რომ ვიღაცას მათი ესმოდა. არაფერი განსაკუთრებული არ ჩამიდენია. მე ისინი უბრალოდ ადამიანებად აღვიქვი და არა შესაკეთებელ მანქანებად. მე ისინი ისევე წარმოვიდგინე, როგორადაც თავად წარმოუდგენიათ თავიანთი თავი. მე მათში თავისუფლება და პასუხისმგებლობა დავინახე. მე არ შემითავაზებია მათთვის დანაშაულის განცდისგან გასაქცევი იაფფასიანი საშუალება, თითქოს ისინი იყვნენ მსხვერპლნი ბიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად თუ სოციალურად განპირობებული გარემოებებისა. არც უსუსურ არსებებად ჩამითვლია იდის, ეგოსა და სუპერეგოს ბრძოლის ველზე. არ მიმიწოდებია მათთვის ალიბი. დანაშაულის განცდა არ წამირთმევია. არ გამიანალიზებია მათი ქმედებები. მე ისინი უბრალოდ თანასწორებად მივიღე. მათ ისწავლეს, რომ დანაშაულის განცდა ადამიანის პრეროგატივაა – და მისივე პასუხისმგებლობაა ამ განცდის გადალახვაც.”

სტატიის ავტორი: ნია ძერია