სტატია იკვლევს იდენტობის კრიზისის გამოვლინებებსა და დინამიკას ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებთან, ფსიქოანალიტიკური თეორიის ჭრილში. სტატია აანალიზებს ზიგმუნდ ფროიდის, ჟაკ ლაკანისა, დონალდ ვინიკოტის და მელანი კლაინის თეორიულ პერსპექტივებს და მათ გამოყენებას იდენტობის კრიზისის გაგებისა და თერაპიული ინტერვენციების დაგეგმვისთვის. სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ უკავშირდება პიროვნული იდენტობის ფორმირების პრობლემები ადიქციური ქცევის განვითარებას და როგორ შეიძლება ამ ცოდნის გამოყენება თერაპიულ პრაქტიკაში. იდენტობის ჩამოყალიბება ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ბავშვობიდან მოზარდობამდე ადამიანი გადის რთულ პროცესს, რომელიც განსაზღვრავს მის თვითაღქმასა და საზოგადოებაში საკუთარ ადგილს. ნივთიერებაზე დამოკიდებულება წარმოადგენს კომპლექსურ ფსიქოსოციალურ ფენომენს, რომელიც მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის თანამედროვე საზოგადოებას. თუმცა, მიუხედავად მრავალი კვლევისა, ადიქციის ფსიქოლოგიური საფუძვლები კვლავ სრულად არ არის შესწავლილი. განსაკუთრებით საინტერესოა იდენტობის კრიზისის როლი ამ პროცესში.
იდენტობის კრიზისი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური ფაქტორი ნივთიერებებზე დამოკიდებულების განვითარებაში. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ადიქციური ქცევა ხშირად უკავშირდება პიროვნული იდენტობის ფორმირების პრობლემებს და თვითაღქმის არასტაბილურობას. ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკაში ვლინდება, რომ იდენტობის კრიზისი წარმოადგენს ცენტრალურ ფაქტორს ადიქციური ქცევის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. ფსიქოანალიზის მიხედვით, ნივთიერებებზე დამოკიდებულება ხშირად არის მცდელობა დაძლიოს იდენტობის გაურკვევლობა – წამლები და ალკოჰოლი შეიძლება იქცეს ილუზორულ ხიდად, რომელიც დროებით აერთიანებს დაშლილ „მეს“. მაგრამ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი და რა როლი აქვს არაცნობიერ კონფლიქტებს? დამოკიდებულება, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენი, წარმოადგენს რთულ და მრავალშრიან პრობლემას, რომელიც სცილდება მხოლოდ ქცევით გამოვლინებებს. ფსიქოანალიზი გვთავაზობს უნიკალურ პერსპექტივას ამ საკითხის გასაგებად, ის მათ განიხილავს ფსიქიკური სტრუქტურის, არაცნობიერი კონფლიქტებისა და განვითარების ეტაპების სიბრტყეში.
დამოკიდებულება ასახავს ეგოს, იდის და სუპერეგოს დისბალანსს, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც იდი-ს ეგო-ზე დომინირება, რაც იწვევს იმპულსურ არაკონტროლირებად ქცევას. იდი წარმოადგენს ფსიქიკის პრიმიტიულ, იმპულსურ ნაწილს, რომელიც მოქმედებს სიამოვნების პრინციპით. ეგოს სისუსტე შესაძლოა უკავშირდებოდეს ადრეულ ტრავმულ გამოცდილებას ან არასაკმარის მზრუნველობას. ეგოს სტრუქტურული სისუსტე თავისთავად იწვევს ეგოს დაცვითი მექანიზმების შესუსტებას, რეალობის პრინციპის რღვევას, იდის იმპულსების დომინირებას. ნივთიერებაზე დამოკიდებულება ხშირად წარმოადგენს არაადაპტურ მექანიზმს იდენტობის კრიზისთან გასამკლავებლად. ნივთიერების მოხმარება შეიძლება გახდეს: – დროებითი „გაქცევის“ საშუალება; – ფსევდოიდენტობის ფორმირების მექანიზმი; – ემოციური ტკივილის გაყუჩების მეთოდი; დამოკიდებულება, ხშირად არის არაცნობიერი კონფლიქტების გამოვლინება, რომელიც სათავეს იღებს ადრეული ბავშვობიდან. ფროიდი თავის სტატიაში „სიამოვნების პრინციპებს მიღმა“ ეხება არაცნობიერ კონფლიქტებს და განმეორების კომპულსიის გავლენას ადამიანურ ქცევაზე, რაც შეიძლება გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს დამოკიდებულების ფენომენთან (Freud, Sigmund. Jenseits des Lustprinzips (1920). Leipzig, Vienna, and Zurich: Internationaler Psychoanalytischer Verlag. გვ. 13-19).
ფსიქოანალიტიკური თეორიის თანახმად, ინდივიდები ავითარებენ დაცვით მექანიზმებს, რათა გაუმკლავდნენ შფოთვას, რომელიც გამომდინარეობს გადაუჭრელი კონფლიქტებიდან მათ ნარცისულ სურვილებსა და საზოგადოებრივ მოლოდინებს შორის, რაც უმეტესად ადრეული ბავშვობის გამოცდილებიდან იღებს სათავეს. ნივთიერებებზე დამოკიდებულება, შესაძლოა იყოს, როგორც შინაგან კონფლიქტებთან გამკლავების არაჯანსაღი მექანიზმი, ასევე მათგან გაქცევის გზა, ცნობიერების დათრგუნვა, რაც იწვევს ილუზორულ სიმშვიდეს, თითქოს კონფლიქტი მოგვარდა. მაგ.: პაციენტი, რომელსაც მუდმივად ჰქონდა მამასთან დაძაბული ურთიერთობა იყო მუდმივი კრიტიკისა და უარყოფის მსხვერპლი, მან ვერ მიიღო მამისგან აღიარება და შექმნა ილუზორული განცდა, ტკივილის ანესთეზიის და ტრავმული მოგონებების ჩახშობის გზით. ფსიქოანალიტიკური თეორია იდენტობას განიხილავს როგორც პიროვნების ფსიქოლოგიური განვითარების ცენტრალურ ასპექტს, იდენტობის ფორმირება წარმოადგენს ცხოვრების მთავარ ფსიქო-სოციალურ ამოცანას. ფსიქოანალიტიკური თეორიის მიხედვით, იდენტობის განვითარება ადრეული ბავშვობიდან იწყება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადრეული გამოცდილებები, მშობლებთან და მზრუნველებთან ურთიერთობა. ფსიქოანალიზში ნივთიერებებზე დამოკიდებულება განიხილება როგორც მექანიზმი, რომელიც ეხმარება ინდივიდს გაექცეს არაცნობიერ კონფლიქტებს, მტკივნეულ მოგონებებსა და ტრავმებს. ზიგმუნდ ფროიდი, ნივთიერებებზე დამოკიდებულებას სიამოვნების პრინციპთან (Pleasure Principle) აკავშირებდა. მისი თეორიის მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა მოქმედებს ორ მთავარ ძალაზე დაყრდნობით:
- სიამოვნების პრინციპი (Pleasure Principle)– ინდივიდი ცდილობს მაქსიმალურად აიცილოს ტკივილი და მიაღწიოს სიამოვნებას;
- რეალობის პრინციპი (Reality Principle)– ზრდასრული ადამიანი სწავლობს, რომ რეალურ სამყაროში სიამოვნება ყოველთვის დაუყოვნებლივ არ მიიღწევა და ზოგჯერ საჭიროა მოთმინება და თვითკონტროლი.
ფროიდის მიხედვით, ბავშვები მოქმედებენ მთლიანად სიამოვნების პრინციპით – ისინი დაუყოვნებლივ ითხოვენ საკვებს, კომფორტს და ყურადღებას, მაგრამ ზრდასთან ერთად, ადამიანი სწავლობს, რომ დაუყოვნებელი სიამოვნება ყოველთვის არ არის შესაძლებელი და საჭიროა საკუთარი სურვილების გაკონტროლება. ნივთიერებებზე დამოკიდებული პირები ბრუნდებიან ინფანტილურ მდგომარეობაში, სადაც სიამოვნების პრინციპი რეალობის პრინციპზე დომინირებს. მათ არ შეუძლიათ მოითმინონ დისკომფორტი და ირჩევენ მყისიერ სიამოვნებას/მოთხოვნილების დაკმაყოფილებას – ნარკოტიკების მოხმარებას, რაც ტკივილისა და სტრესის დროებით გაქრობას იწვევს. განვიხილოთ, თუ როგორ მუშაობს ნარკოტიკი ადამიანის ფსიქიკაზე: ნარკოტიკები ხელს უწყობენ ტვინში ნეირომედიატორების(დოფამინი, ენდორფინი) გამომუშავებას, რაც იწვევს სიამოვნების ძლიერ შეგრძნებას, ეს აღძრავს იდ-ის დომინაციას, რომელიც მხოლოდ სიამოვნებაზეა ორიენტირებული. ეგო (Ego), რომელიც რეალობასთან ადაპტაციას უზრუნველყოფს, სუსტდება, ხოლო სუპერეგო (Superego), რომელიც მორალური და სოციალური ნორმების დაცვაზეა პასუხისმგებელი, დროებით წყვეტს მარეპრესირებელ მოქმედებას. შედეგად, ადამიანი ნარკოტიკებზე ხდება დამოკიდებული, რადგან რეალობა მისთვის ძალიან რთული და მტკივნეული ჩანს. ფროიდის მიხედვით, ნარკოტიკების მოხმარება ხშირად არის დაცვის მექანიზმის ნაწილი, რომელიც გამოიყენება სტრესის, დეპრესიისა და ტრავმული გამოცდილებების წინააღმდეგ:
- რეპრესიები (Repression):ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანი შეიძლება ქვეცნობიერად ახშობდეს ტკივილსა და ტრავმას ნარკოტიკების დახმარებით.
- გაქცევა (Escape):რეალობისგან გაქცევის ერთ-ერთი გზა ნარკოტიკებია, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანს დროებით დაივიწყოს ცხოვრებისეული პრობლემები.
- რეგრესი (Regression):ნარკოდამოკიდებული პირი ხშირად ბრუნდება ბავშვურ ქცევებში, რადგან ნარკოტიკების მოხმარება მას ბავშვობის დაუყოვნებელი სიამოვნების განცდას ახსენებს. რეგრესი შესაძლოა უკავშირდებოდეს ფსიქო-სექსუალური განვითარების კონკრეტულ სტადიაზე ფიქსაციას მაგ.: ორალური ფიქსაცია – რაც გულისხმობს, ორალურ სტადიაზე (0-18 თვე) ადრეული ორალური კმაყოფილების აღდგენას, რადგან ჩვილი ბავშვისთვის სიამოვნების წყარო არის პირის ზონა, დამოკიდებულება ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მცდელობა აღდგეს ადრეული ორალური დაკმაყოფილება, მაგ.: ალკოჰოლის მიღება, როგორც ძუძუთი კვების სიმბოლური მაგალითი, რაც თავის მხრივ ობიექტს აძლევს უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდის ილუზიას;
ნარკოტიკი ხდება „დედის მკერდი“ ზრდასრულობის სამყაროში – ის უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ თავშესაფარს და ადამიანს აძლევს ილუზიას, რომ რეალობასთან დაპირისპირება არ არის საჭირო. დამოკიდებულება შეიძლება განვიხილოთ როგორც რეგრესია ადრეულ განვითარების ეტაპზე სტრესის ან ტრავმის შედეგად. ის ასევე შეიძლება ოიდიპოსის კომპლექსის გადაჭრასთან დაკავშირებული სირთულეების შედეგიც იყოს. ნივთიერებებზე დამოკიდებულები ხშირად ავლენენ რეგრესიის ნიშნებს: გაქცევა პასუხისმგებლობიდან – ისინი ვერ უმკლავდებიან ცხოვრებისეულ პასუხისმგებლობებს, ამიტომ „აბრუნებენ დროს უკან“ და ნარკოტიკების მეშვეობით უბრუნდებიან ბავშვურ უსაფრთხოების შეგრძნებას. ფსიქოლოგიური კომფორტის ძიება – ბავშვობაში კომფორტს უზრუნველყოფდნენ მშობლები, ხოლო ნარკოდამოკიდებულებისთვის ამ ფუნქციას ასრულებს ნარკოტიკი. დაკმაყოფილების დაუყოვნებელი მოთხოვნა – როგორც ჩვილი არ მოითმენს, როცა შია, ნარკოდამოკიდებულიც დაუყოვნებლივ ცდილობს ტკივილის, სტრესისა და რეალობისგან მყისიერ გათავისუფლებას. ეს ქმნის ფსიქოლოგიურ მარწუხს – ადამიანი ვერ ტოვებს ობიექტთან პირველადი ურთიერთობების სამყაროს და მუდმივად ეძებს ნივთიერებებს, რომლებიც მას იქ დაბრუნებაში დაეხმარება. ნივთიერებაზე დამოკიდებულ პირებთან იდენტობის კრიზისი ვლინდება შემდეგი ნიშნებით:
- თვითაღქმისარასტაბილურობა, რაც თავის მხრივ მოიცავს: საკუთარი თავის არათანმიმდევრულ აღქმას, ღირებულებათა სისტემის არამდგრადობას, მომავლის ხედვის ბუნდოვანებას;
- სოციალურიიდენტობის პრობლემები: როლური კონფუზია, მე-ს იდენტიფიცირება ნარკოტიკთან, სოციალური კავშირების რღვევა, პროფესიული და პიროვნული იდენტობის კრიზისი;
- ემოციურირეგულაციის დარღვევები: გრძნობების იდენტიფიკაციის სირთულე, აფექტური არასტაბილურობა, იმპულსების კონტროლის პრობლემები.
ფროიდის თეორიიდან გამომდინარე, ნარკოტიკი ხდება დაცულობის ილუზორული წყარო. ნარკოდამოკიდებული პირი გრძნობს, რომ ნარკოტიკი არის მისი ფსიქოლოგიური თავშესაფარი, რომელიც:
- უკვეცნობილია და პროგნოზირებადია – ბავშვს იცავს მშობელი, ხოლო ზრდასრულ ნივთიერებებზე დამოკიდებულს „იცავს“ ნარკოტიკი;
- ნარკოტიკი სთავაზობსდაუყოვნებლივ სიამოვნებას – ე. წ. „ქიმიური დედა“, რომელიც კმაყოფილებას არასდროს აყოვნებს;
- უსაფრთხოებისილუზიას ქმნის – ნარკოტიკების ზემოქმედებისას ადამიანი „თავისუფლდება“ სოციალური ნორმებისა და პასუხისმგებლობებისგან.
ამგვარი დამოკიდებულება შლის ეგოს (Ego) ფუნქციას და აბრუნებს ადამიანს იდ–ის (Id) პრიმიტიულ დონეზე, რაც ნიშნავს, იმას რომ ინდივიდი ვერ ახერხებს რეალობასთან გამკლავებას და საბოლოოდ იკარგება ნარკოტიკული სიამოვნების ციკლში. ფროიდმა შემოიტანა განმეორების კომპულსიის კონცეფცია, სადაც ინდივიდები არაცნობიერად იმეორებენ ქცევის მოდელებს, ხშირად გადაუჭრელი ტრავმების დასაძლევად ან ხელახლა გასათამაშებლად. დამოკიდებულების კონტექსტში, ნარკოტიკების მოხმარებისა და რეციდივის განმეორებითი ციკლი შეიძლება ასახავდეს ძირითადი ფსიქოლოგიური კონფლიქტების გადაჭრის მცდელობებს ან წარსულიდან ნაცნობი დინამიკის ხელახლა შექმნას, მაშინაც კი, თუ ისინი დესტრუქციულია. დონალდ ვინიკოტი ფსიქოანალიტიკური თეორიები ხშირად ეტიოპათოგენურ კავშირს განჭვრეტენ ბავშვობის ადრეულ ტრავმებსა და ნარკოდამოკიდებულებას შორის. დონალდ ვინიკოტის თეორიის მიხედვით, ბავშვებს სჭირდებათ მშობელთა ემოციური მხარდაჭერა იმისათვის, რომ ჩამოაყალიბონ „ნამდვილი სელფი“ (True Self). თუ ბავშვი ვერ იღებს ამ მხარდაჭერას და იძულებულია მოერგოს გარემოს მოთხოვნებს, ის ქმნის „ცრუ სელფს“-ს (False Self) – ნიღაბს, რომლის მიღმაც იმალება მისი ნამდვილი ემოციები და ჭეშმარიტი თვითობა.
ბევრი ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანი სწორედ ამ ცრუ იდენტობის ქვეშ ცხოვრობს – ისინი ცდილობენ ნარკოტიკების დახმარებით შეავსონ სიცარიელე, რომელიც რეალური იდენტობის არარსებობისგან წარმოიშვა. მელანი კლაინის და დონალდ ვინიკოტის ნაშრომები აჩვენებენ, რომ ადრეული ურთიერთობები ჩვილ ბავშვსა და გარემოს შორის მნიშვნელოვანი ფაქტორია იდენტობის ჩამოყალიბებაში. თუ ბავშვი აღიზარდა გარემოში, სადაც არ იყო ემოციური მხარდაჭერა და უსაფრთხოება, ის შეიძლება დარჩეს იდენტობის კრიზისში და ნარკოტიკები გამოიყენოს, როგორც დამხმარე მექანიზმი შიდა სიცარიელის შესავსებად. ბევრი ნივთიერებებზე დამოკიდებული ინდივიდი ბავშვობაში განცდილი ტრავმის მსხვერპლია. ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს იდენტობის დისოციაცია, რის შედეგადაც ადამიანი ცდილობს ნარკოტიკებით „დაივიწყოს“ თავისი წარსული და შექმნას ახალი, არარეალური იდენტობა. ფსიქოანალიზის თვალსაჩინო ფიგურა ჟაკ ლაკანი, გვთავაზობს უნიკალურ პერსპექტივას იდენტობაზე, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობაში. ლაკანი იდენტობის ჩამოყალიბებას უკავშირებს სარკის სტადიას (Mirror Stage). ბავშვი პირველად ხედავს საკუთარ ანარეკლს და აცნობიერებს, რომ ის ცალკე არსებაა. თუმცა, ეს ანარეკლი ყოველთვის არ ემთხვევა ბავშვის შინაგან განცდას, ამიტომ იდენტობა ნაწილობრივ ფანტაზიური და დაუსრულებელი პროცესია.
ზრდასრულობაში, ადამიანი მუდმივად ეძებს იდენტობის გამთლიანებას, მაგრამ ეს ყოველთვის რთულია, რადგან „მე“ მუდმივად დინამიკურია. სარკის სტადია წარმოადგენს გადამწყვეტ მომენტს ეგოს ფორმირებაში, სადაც ინდივიდი საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც ერთიან და თანმიმდევრულ არსებას. დამოკიდებული პირებისთვის ეს ერთიანობის განცდა ხშირად დამსხვრეულია, რაც იწვევს საკუთარი თავის ფრაგმენტირებული და არათანმიმდევრული აღქმის გამოცდილებას. თერაპია მიზნად ისახავს თვითრეფლექსიისა და ინტროსპექციის პროცესის ხელშეწყობას, რაც საშუალებას მისცემს ინდივიდს დაუპირისპირდეს საკუთარი იდენტობის ფრაგმენტირებულ ბუნებას და იმუშაოს ინტეგრაციისა და გამთლიანებისათვის. ლაკანის მიხედვით, ნარკოდამოკიდებულება შეიძლება იყოს მცდელობა, „შეავსოს“ იდენტობის ნაკლოვანება ნარკოტიკებით, რომლებიც ქმნიან ილუზიას მთლიანობის განცდის შესახებ. ლაკანისთვის სურვილი ყოველთვის არის სხვის სურვილი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სურვილები ფორმირდება სხვების (განსაკუთრებით “დიდი სხვის” – სოციალური წესრიგის) გავლენით. დამოკიდებულება შეიძლება განვიხილოთ როგორც მცდელობა, დავაკმაყოფილოთ „სხვისი სურვილი“ ან მოვიპოვოთ მისი აღიარება. ეს პროცესი უკავშირდება ფუნდამენტურ ნაკლულობას (manque), რომელიც ახასიათებს ადამიანის არსებობას და ტკბობას (Jouissance). ტკბობა არის სიამოვნების მიღმა არსებული მდგომარეობა, რომელიც ხშირად უკავშირდება ტკივილს. დამოკიდებულება წარმოადგენს ტკბობის პათოლოგიურ ფორმას, სადაც ინდივიდი განიცდის ტკბობას, რომელიც სცდება სიამოვნების პრინციპს.
ეს ხსნის, თუ რატომ აგრძელებენ ადამიანები დამოკიდებულ ქცევას მიუხედავად მისი ნეგატიური შედეგებისა. ლაკანი გამოყოფს სამ რეგისტრს, რომლებიც მისი ფსიქოანალიტიკური თეორიის ფუნდამენტური ელემენტებია: სიმბოლურს, წარმოსახვითს და რეალურს. ლაკანის მიხედვით ადამიანის ფსიქიკური სტრუქტურა სწორედ ამ სამი რეგისტრის ურთიერთქმედებით ყალიბდება. დამოკიდებულება შეიძლება განვიხილოთ როგორც სიმბოლურ რეგისტრში ინტეგრაციის მარცხი. ინდივიდი ვერ ახერხებს საკუთარი თავის პოზიციონირებას სიმბოლურ რეგისტრში და მიმართავს დამოკიდებულებას, როგორც ჩანაცვლების მექანიზმს. ობიექტ a არის სურვილის მიზეზი, რომელიც ყოველთვის მიუწვდომელია. დამოკიდებულების ობიექტი (ნარკოტიკი, ალკოჰოლი და ა.შ.) შეიძლება განვიხილოთ როგორც ობიექტ a-ს ჩანაცვლება. ეს ხსნის დამოკიდებულების ციკლურ ბუნებას – ობიექტი ვერასოდეს აკმაყოფილებს სრულად სურვილს. ლაკანისთვის სუბიექტი ყოველთვის გახლეჩილია, გაყოფილია ცნობიერსა და არაცნობიერს შორის. დამოკიდებულება შეიძლება იყოს ამ გახლეჩის დაძლევის მცდელობა, თუმცა არაეფექტური.
ჟაკ ლაკანი ლაკანი ხაზს უსვამს არაცნობიერი სურვილებისა და მისწრაფებების როლს ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში. დამოკიდებულ პირებში არაცნობიერი სურვილები შეიძლება გამოვლინდეს სუბსტანციების ძიების კომპულსიურ საჭიროებაში, როგორც დაუკმაყოფილებელი ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ან ფსიქიკური ტკივილის შემსუბუქების საშუალება. ლაკანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ენას, ენა არის ფუნდამენტური მასტრუქტურირებელი პრინციპი, რომელიც შუამავალია რეალობის ჩვენეულ გამოცდილებასთან. სიმბოლური წესრიგი, რომელსაც მართავს ენა და სოციალური ნორმები, გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებაში. დამოკიდებულებამ შეიძლება დაარღვიოს ეს სიმბოლური წესრიგი, რაც იწვევს კომუნიკაციისა და სოციალური კავშირების რღვევას.
თერაპიული ჩარევები ფოკუსირებული უნდა იყოს სიმბოლურ წესრიგთან კავშირების აღდგენაზე დიალოგისა და ანალიზის მეშვეობით, რაც საშუალებას მისცემდა ინდივიდს არტიკულირება გაეკეთებინა საკუთარ გამოცდილებებისა და ემოციებისათვის, მიენიჭებინა მათთვის მნიშვნელობა. ლაკანი ამტკიცებს, რომ სურვილი ყოველთვის განპირობებულია უკმარისობით (ნაკლით), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს ის, რაც გვაკლია, მაგრამ მოპოვების შემდეგ ის ვერ აკმაყოფილებს სრულად ჩვენს სურვილს. დამოკიდებულების კონტექსტში, სუბსტანციებმა შეიძლება თავდაპირველად უზრუნველყონ სისრულის ან გაქცევის განცდა, მაგრამ საბოლოოდ, ინდივიდს ტოვებენ სიცარიელისა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობით. ზოგადად, ლაკანის თეორიის გამოყენება ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობაში მოიცავს მოქმედი არაცნობიერი დინამიკის ღრმა შესწავლას, ენისა და სოციალური სტრუქტურების როლს იდენტობის ჩამოყალიბებაში და საკუთარი თავის ფრაგმენტირებულ ასპექტებთან დაპირისპირებისა და ინტეგრაციის პროცესს.
მიუხედავად იმისა, რომ ლაკანს თავის ნაშრომებში კონკრეტულად დამოკიდებულება ფართოდ არ განუხილავს, მისი თეორიები იძლევა მდიდარ ჩარჩოს დამოკიდებული ქცევების საფუძვლად არსებული ფსიქოლოგიური დინამიკის გასაგებად. ფსიქოანალიტიკური მიდგომა დამოკიდებულების მკურნალობისადმი იყენებს კლასიკურ თერაპიულ ტექნიკებს:
- თავისუფალიასოციაციისმეთოდი (Free Association) პაციენტს ეძლევა საშუალება, თავისუფლად გამოხატოს აზრები, ემოციები და მოგონებები ყოველგვარი ფილტრების გარეშე. ეს ტექნიკა ეხმარება არაცნობიერი შინაარსების გამოვლენას, რომლებიც დაკავშირებულია დამოკიდებულების ძირეულ მიზეზებთან (ტრავმა, დანაკარგი, სურვილების დათრგუნვა).
- ტრანსფერის(Transference) ანალიზიტრანსფერი არის პროცესი, რომლის დროსაც პაციენტი თერაპევტთან ურთიერთობაში გადმოაქვს წარსული ურთიერთობებში (განსაკუთრებით მშობლებთან) არსებული ემოციური შინაარსები. დამოკიდებულების მქონე პირებში ტრანსფერი ხშირად ვლინდება იდეალიზაციისა და მტრობის ცვალებადობით, რაც შეიძლება ასახავდეს მათ ურთიერთობას ავტორიტეტულ ფიგურებთან.
ტრანსფერის ანალიზი ეხმარება პაციენტს გააცნობიეროს და გარდაქმნას ურთიერთობის დესტრუქციული მოდელები.
- კონტრატრანსფერის(Countertransference) გამოყენებათერაპევტის პირადი ემოციები და რეაქციები, რომლებიც პაციენტთან ურთიერთობაში ჩნდება, შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოკიდებულების ბუნების უფრო ღრმა ანალიზისთვის.
კონტრატრანსფერის გააზრება ეხმარება თერაპევტს ამოიცნოს პაციენტის არაცნობიერი მოთხოვნები და რეაქციები.
- განმეორებადობის(Repetition Compulsion) ამოცნობადა მუშაობა ფროიდის მიხედვით, ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად იმეორებენ ტრავმულ გამოცდილებებს (მაგ., მავნე ურთიერთობებში დაბრუნება, თვითდაზიანება, რისკიანი ქცევები).
ფსიქოანალიტიკური თერაპია ცდილობს დაამსხვრიოს ეს ციკლი, რათა პაციენტმა შეძლოს ახალი გზების პოვნა საკუთარი პრობლემების გადაჭრისთვის.
- ეგოს დაცვითი მექანიზმებისანალიზიდამოკიდებულების მქონე პირები ხშირად იყენებენ თავდაცვის მექანიზმებს, როგორიცაა:
უარყოფა (Denial) – „მე პრობლემა არ მაქვს.“ პროექცია (Projection) – „ეს სხვების ბრალია, მე ვაკონტროლებ ყველაფერს.“ ინტელექტუალიზაცია (Intellectualization) – პაციენტი ლოგიკური არგუმენტებით ამართლებს თავის ქცევას. გახლეჩა (Splitting) – სამყაროს ან ადამიანების დაყოფა „კარგად“ და „ცუდად“. თერაპიის მიზანია პაციენტმა გააცნობიეროს და შეცვალოს ეს მექანიზმები.
- სიმბოლიზაციადასიზმრის ანალიზი. სიზმრები და მათი ანალიზი ხშირად ასახავენ არაცნობიერ სურვილებს, შიშებს და კონფლიქტებს.
სიმბოლიზაციის გამოყენება ეხმარება პაციენტს შეუცნობელი მასალის ცნობიერად გააზრებაში.
- ობიექტურიურთიერთობებისთეორიის (Object Relations Theory) გამოყენება. დამოკიდებულების მქონე პირებს ხშირად აქვთ არამდგრადი ან დეფიციტური ადრეული ურთიერთობები (მშობლებთან, მზრუნველებთან), რაც გავლენას ახდენს მათ მომავალ კავშირებზე.
თერაპია ფოკუსირდება იმაზე, როგორ აისახება ეს ადრეული გამოცდილებები დღევანდელ დამოკიდებულ ქცევებში. მიზანია შეიქმნას უფრო ჯანსაღი ურთიერთობის მოდელები.
- იდენტობისადასუბიექტურობის გაძლიერება ბევრ დამოკიდებულების მქონე პაციენტს აქვს იდენტობის დიფუზია – გაურკვევლობა საკუთარ თავთან და სურვილებთან დაკავშირებით. ფსიქოანალიტიკური თერაპია ეხმარება მათ შეიმუშაონ უფრო მყარი და სტაბილური იდენტობა ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მიღების გარეშე.
- „ჰოლდინგის“ (Holding) და„კონტეინინგის“ (Containing) პრინციპებისგამოყენება
ფსიქოანალიტიკოსი ვინიკოტის კონცეფციით, „ჰოლდინგი“ გულისხმობს თერაპევტის ემოციურ მხარდაჭერას, რაც აძლევს პაციენტს უსაფრთხოების განცდას. „კონტეინინგი“ ნიშნავს, რომ თერაპევტი „ინახავს“ პაციენტის ძლიერი ემოციების შემოტევას, რაც ხელს უწყობს მათ დამუშავებას.
- ინტერპრეტაცია(Interpretation) დაგათავისება თერაპევტი ეხმარება პაციენტს გააანალიზოს და გაიაზროს საკუთარი ქცევების და ფიქრების არაცნობიერი მნიშვნელობები. ეს პროცესი ამცირებს დამოკიდებულების საჭიროებას, რადგან პაციენტი იწყებს შინაგანი დაძაბულობის უფრო კონსტრუქციულად გადამუშავებას.
ფსიქოანალიტიკური თერაპია ხშირად მიზნად ისახავს დაკარგული იდენტობის აღდგენას და არაცნობიერ კონფლიქტებზე მუშაობას. ფსიქოანალიტიკური თერაპიის ძირითადი მიზანია: არაცნობიერი კონფლიქტების იდენტიფიცირება, ადრეული ტრავმების და მათი გავლენის გამოვლენა, ოჯახური დინამიკის და მისი როლის გააზრება დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში, რაც პაციენტის დახმარება საკუთარი ქცევის მოტივების გაცნობიერებაში, არაცნობიერი დაცვითი მექანიზმების იდენტიფიცირებაში,საკუთარი ემოციებისა და განცდების უკეთ გაგებაში. ფსიქოანალიტიკური თეორია გვთავაზობს, რომ ნარკოტიკების მოხმარება არის სიმპტომი უფრო ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემებისა. ამ პერსპექტივიდან, ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობა მოითხოვს არა მხოლოდ სიმპტომის (ნარკოტიკების მოხმარების) აღმოფხვრას, არამედ ძირეული ფსიქოლოგიური კონფლიქტებისა და ტრავმების გადამუშავებას.
ნივთიერებებზე დამოკიდებულება წარმოადგენს არა უბრალოდ ქიმიურ კავშირს სუბსტანციასთან, არამედ ღრმა ფსიქიკური სტრუქტურის გამოვლინებას. ეს არის სიმპტომი, რომელიც მიუთითებს არაცნობიერის ძალაზე და მის გავლენას ადამიანის ქცევაზე. ნარკოტიკი ხდება ობიექტი პატარა a – სურვილის მიზეზი, რომელიც არასდროს კმაყოფილდება სრულად. ის ფუნქციონირებს როგორც ფანტაზმატური ეკრანი, რომელზეც სუბიექტი პროეცირებს თავის არაცნობიერ სურვილებს და შიშებს. ამ გზით, ნივთიერებებზე დამოკიდებული ცდილობს შეავსოს ფუნდამენტური დანაკლისი საკუთარ ფსიქიკურ სტრუქტურაში. ნივთიერებებზე დამოკიდებულება შეიძლება განვიხილოთ როგორც რეგრესია ორალურ სტადიაზე, სადაც სუბიექტი ეძებს დაკარგულ ერთიანობას დედასთან. ამავდროულად, ეს არის მცდელობა გაექცეს სიმბოლურ წესრიგს და მამის კანონს, რაც ხშირად უკავშირდება ოიდიპოსის კომპლექსის არასრულ გადაჭრას.
მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმპტომის მოხსნა, არამედ სუბიექტის დახმარება საკუთარი სურვილის გაცნობიერებაში და მისი არტიკულაციის ახალი გზების პოვნაში. ეს მოითხოვს ღრმა ანალიტიკურ მუშაობას, რომლის დროსაც უნდა მოხდეს არაცნობიერი კონფლიქტების გამოვლენა და გადამუშავება. საბოლოოდ, ნივთიერებებზე დამოკიდებულების დაძლევა ნიშნავს სუბიექტის მიერ საკუთარი ნაკლულობის აღიარებას და მის მიღებას, ნაცვლად მისი ილუზორული შევსების მცდელობისა ნარკოტიკის მეშვეობით. ეს არის გზა თავისუფლებისკენ – არა როგორც აბსოლუტური ბედნიერებისკენ, არამედ როგორც საკუთარი სურვილის და პასუხისმგებლობის აღებისკენ.
სტატიის ავტორები: გიორგი ჭანტურია, მაია მინაშვილი
ბიბლიოგრაფია:
- ფროიდი, ზ. (1905). სამი ესე სექსუალურობის თეორიაზე. სტანდარტული გამოცემა, 7, 123-245;
- ფროიდი, ზ.(1920) სიამოვნების პრინციპს მიღმა;
- ლაკანი, ჟ. (1959-1960). ჟაკ ლაკანის სემინარი: ფსიქოანალიზის მეორე მხარე. Norton & Company;
- ვინიკოტი, დ. ვ. (1971). თამაში და რეალობა. Routledge.
- კლაინი, მ. (1952). ტრანსფერის წარმოშობა. ფსიქოანალიზის საერთაშორისო ჟურნალი, 33, 433-438.