ჩემს თერაპევტს პირველად რომ ვუთხარი, წარმოდგენა არ მაქვს რაზე უნდა ვილაპარაკო-მეთქი, კარგი, მოდი ამ არცოდნასთან დავრჩეთო, მიპასუხა. მერე გაჩუმდა და ყველაზე ცხადად მაშინ ვიგრძენი დიდი ბუნდოვანების, გაურკვევლობის მტანჯველი შფოთვა.
21-ე საუკუნეში, განსაკუთრებულად აქტიურად გვასწავლიან, რომ არცოდნა ცოდვაა. წარმატებული, რეალიზებული ადამიანები ისინი არიან, ვისაც ყველაფერი გარკვეული აქვს, ყველა კითხვაზე პასუხი უპოვნია, ყველაფრის მოგვარება შეუძლია. ყველა ახალი გამოწვევა ასეთი ადამიანებისთვის მორიგი ამოცანაა, რომელიც აუცილებლად უნდა ამოიხსნას. ფსიქოთერაპიაზე მოსულ ადამიანთა უმრავლესობასაც სწორედ ასეთი მიზანი აქვს. მკაფიოდ გაჟღერებულ პრობლემაზე მყისიერ პასუხს ითხოვს, მოგვარების გზას, რომელიც გაათავისუფლებს მას არცოდნის სატანჯველისგან.
ჩვენ ინფორმაციულ საუკუნედ ცნობილ დროში ვცხოვრობთ. აღარაფერია ხელმიუწვდომელი. ცოდნის წყურვილის მოკვლის გზა მხოლოდ ჭკვიან მოწყობილობასა და ინტერნეტზე გადის. მიუხედავად ამისა, თითქმის ერთი საუკუნის წინანდელი, სარტრის ეს სიტყვები, ვფიქრობ, ზუსტად აღწერს თანამედროვე ადამიანად ყოფნის სიმძიმეს: ,,ყველაფერი გარკვეულია, გარდა იმისა, თუ როგორ ვიცხოვროთ.“
თერაპიაზე მოსული ადამიანი სწორედ ამის გარკვევას ცდილობს. ხშირად გვესმის შეკითხვები: ,,რა მჭირს?“, ,,რა უნდა ვქნა?”, ,,რა გავაკეთო, რომ თავს ასე ცუდად აღარ ვგრძნობდე?” ცხადია, ფსიქოთერაპიის მთავარ მიზანს ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. თუმცა, ხშირად, ეს პროცესი არა პასუხების მყისიერი ძიების, არამედ სწორედ არცოდნასთან დარჩენის გამბედაობაზე გადის.
ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის თვალსაზრისით, გაურკვევლობა შესაძლოა ყველაზე საჭირო სივრცე იყოს იმისათვის, რომ ადამიანი თავის სინამდვილეს უფრო მიუახლოვდეს. შეკითხვებით დახუნძლულს, რა თქმა უნდა, სურს, უფრო მეტიც, სჭირდება პასუხები მიიღოს, გარედან, გამზადებულად და წინასწარ განსაზღვრულად. მაგრამ ფსიქოთერაპიაში ყველაზე ღირებულია ის პასუხი, რომელსაც ადამიანი თავის თავში პოულობს, ვინაიდან ყველა საჭირო ცოდნა მასში ისედაც არსებობს. ენ გილა და ჯონ ფირმანი ამას ადარებენ მიქელანჯელოს დამოკიდებულებას მუშაობისადმი: როგორც ამბობენ, მიქელანჯელოს სჯეროდა, რომ ფიგურა უკვე არსებობდა მარმარილოში, თავს ქანდაკების შემოქმედად არ აღიქვამდა, ფიქრობდა, რომ მისი საქმე მხოლოდ ქვაში უკვე არსებული ფიგურის გამჟღავნება იყო.
„ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ ცხოვრობს სამყაროში, რომელიც გარკვეულწილად იდუმალია; რომ ხდება და შეიძლება გამოიცადოს ისეთი რამ, რაც აუხსნელი რჩება; რომ ყველაფრის წინასწარჭვრეტა შეუძლებელია. მოულოდნელობა და დაუჯერებელი ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მხოლოდ მაშინ არის ცხოვრება მთლიანი. ჩემთვის სამყარო თავიდანვე უსასრულო და მიუწვდომელი იყო.”კარლ იუნგი წერს თავის წიგნში მოგონებები, სიზმრები, რეფლექსიები.
ამ გაურკვევლობასთან, იდუმალთან დარჩენას უდავოდ სჭირდება გამბედაობა. ადამიანმა უნდა ისწავლოს როგორ გაუძლოს არცოდნას, რათა შეძლოს მისგან ცოდნის მიღება. ფსიქოთერაპია სწორედ ამისთვის ქმნის სივრცეს. ეს არის ღია სისტემა, სადაც თერაპევტი აღიარებს, რომ მას არ გააჩნია პასუხები კლიენტის შინაგან ბრძოლებზე. მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს მცირე წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას კლიენტის პრობლემა, იგი მაინც ეგუება იმ ფაქტს, რომ დანამდვილებით არაფერი იცის და არ ფლობს ამ ადამიანის ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას. თერაპევტი უარს ამბობს წინასწარ ვარაუდებსა და ცოდნის მოთხოვნილებაზე; ამის ნაცვლად, იგი მხარს უჭერს კლიენტს საკუთარი პრობლემის ფსიქოლოგიური ტერიტორიის კვლევაში. იგი არ ჩქარობს პროცესის დასრულებას საკუთარი თეორიული მრწამსისა თუ პირადი გამოცდილების გამოყენებით, რათა კლიენტის დილემა ხელოვნურად გადაჭრას. თერაპევტი აცნობიერებს, რომ მისი როლი კლიენტის ბრძოლის სხვადასხვა ელემენტის კვლევაში დახმარებაა და არა მზა გადაწყვეტილების კონსტრუირება.
არცოდნასთან დარჩენა მტანჯველია. იზრდება ცოდნის, გარკვევის მოთხოვნილება. განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში, სადაც ასე გამარტივებულია ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც. თუმცა ეს ხშირად არა ცნობისმოყვარეობაზე, არამედ გაქცევასა და არცოდნის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაზე მიანიშნებს. ადამიანი მზა, თუმცა სხვის ცოდნაში გარბის, რათა თვალი არ გაუსწოროს საკუთარს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს იქამდე არსებულ ილუზიაში დარჩენას და არა საკუთარ სინამდვილესთან დაახლოებას. ზოგჯერ სიცხადე ნელა მოდის. ზოგჯერ ცვლილებას წინ უსწრებს დაბნეულობა. ზოგჯერ ყველაზე გულწრფელი პასუხია: „ჯერ არ ვიცი.“ ეს არ არის მარცხი. გაურკვევლობასთან დარჩენის სწავლა — მისგან გაქცევის გარეშე
შესაძლოა, თავად იქცეს ცვლილების დასაწყისად.
სტატიის ავტორი: ინტეგრას ფსიქოთერაპევტი ნია ძერია