11-17 ოქტომბერი – ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული

შენ არ ხარ შენი ფიქრები

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მდგომარეობაა, რომლის შესახებაც საზოგადოებაში ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს. ხშირად მას გადაჭარბებულ მოწესრიგებულობასთან, სისუფთავის განსაკუთრებულ სიყვარულსა თუ პერფექციონიზმთან აიგივებენ. სინამდვილეში კი OCD გაცილებით კომპლექსურია და მისი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე იმაზე მეტია, ვიდრე გარედან ჩანს.

რა არის OCD?

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობებისთვის დამახასიათებელია აკვიატებები (ობსესიები) და განმეორებითი ქცევები (კომპულსიები). ობსესიები არასასურველი შემოჭრილი აზრები, სურათ-ხატები ან იმპულსებია, რომლებიც ადამიანს მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის. ისინი შეიძლება უკავშირდებოდეს დაბინძურების, შეცდომის დაშვების, სხვისთვის ზიანის მიყენების, საკუთარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლის და მრავალ სხვა ტიპის შიშს.
კომპულსიები განმეორებითი ქცევები (რიტუალები) ან გონებრივი მოქმედებებია, რომლებსაც ადამიანი ობსესიებით გამოწვეული შფოთვის შესამცირებლად, ან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად აკეთებს. ეს შეიძლება იყოს განმეორებითი შემოწმება, ხელების დაბანა, თვლა, მომხდარის გონებაში მრავალჯერ გადახედვა და ა.შ.

OCD ყოველთვის ხილული არ არის

კომპულსიები ყოველთვის გარეგნულად შესამჩნევი არ არის. ზოგიერთი ადამიანი გონებაში იმეორებს სიტყვებსა თუ ფრაზებს, მრავალჯერ უბრუნდება წარსულში მომხდარ მოვლენებს, ან გამუდმებით აანალიზებს საკუთარ აზრებს, რათა რაიმეში დარწმუნდეს, ან შფოთვა შეიმსუბუქოს. შესაძლებელია, OCD-ის მქონე ადამიანი გარედან სრულიად მშვიდად გამოიყურებოდეს მაშინ, როდესაც დამღლელ შინაგან ბრძოლას განიცდის. ხილული რიტუალების არარსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ იტანჯება.

OCD მითები vs რეალობა

როდესაც OCD-ის მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებებს ვამჩნევთ, შესაძლოა ვერ დავინახოთ, რას განიცდის ადამიანი სინამდვილეში. ამ აშლილობის შესახებ გავრცელებული წარმოდგენებიც ხშირად მხოლოდ მის ერთ ნაწილს ასახავს და მნიშვნელოვან დეტალებს ყურადღების მიღმა ტოვებს. გადავხედოთ რამდენიმე გავრცელებულ მითს OCD-ის შესახებ:

მითი 1: OCD მხოლოდ სისუფთავესა და წესრიგზე გადაჭარბებული ზრუნვაა.
სინამდვილეში: OCD შეიძლება უკავშირდებოდეს მრავალ განსხვავებულ თემას – პასუხისმგებლობას, გაურკვევლობას, ურთიერთობებს, მორალურ საკითხებს, რელიგიას, ან არასასურველ აზრებს სხვისთვის ზიანის მიყენების შესახებ. ამასთანავე, წესრიგის სიყვარული ან სისუფთავეზე ზრუნვა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ადამიანს OCD აქვს.

მითი 2: შემოჭრილი აზრი ნიშნავს, რომ სინამდვილეში მისი განხორციელება გინდა, ან გინდა, რომ ეს ფიქრი ახდეს.
სინამდვილეში: აზრი და განზრახვა ერთი და იგივე არ არის. OCD-ის მქონე ადამიანებს შესაძლოა განსაკუთრებით აწუხებდეთ ისეთი აზრები, რომლებიც მათ ღირებულებებსა და რწმენებს ეწინააღმდეგება. არასასურველი აზრების არსებობა არ ნიშნავს, რომ ის ადამიანის ნამდვილ სურვილებს გამოხატავს ან მის პიროვნებას განსაზღვრავს.

მითი 3: OCD-ის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, უბრალოდ შეწყვიტონ კომპულსიების შესრულება.
სინამდვილეში: კომპულსიები მხოლოდ მავნე ჩვევა ან ნებისყოფის ნაკლებობა არ არის. ისინი ხშირად ძლიერ შფოთვასა და გაურკვევლობასთან გამკლავების მცდელობაა, რის გამოც მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება ძალიან რთული იყოს.

რა ინარჩუნებს OCD-ს?

კომპულსიებს ხშირად დროებითი შვება მოაქვს: განმეორებითი გადამოწმება ეჭვს ამცირებს, ხელების დაბანა – შფოთვას ამსუბუქებს, ხოლო გონებაში მომხდარის მრავალჯერ გადახედვა გარკვეულობის დროებით განცდას ქმნის. თუმცა, ამგვარი შვება აძლიერებს ციკლს – მომდევნო ჯერზე, როცა შფოთვა ან ეჭვი გაჩნდება, კომპულსიის შესრულების მოთხოვნილება კიდევ უფრო ძლიერი ხდება. დროთა განმავლობაში ადამიანი სულ უფრო მეტ დროსა და ენერგიას ხარჯავს უსაფრთხოებისა და სრული დარწმუნებულობის მიღწევის მცდელობაში.

OCD-ის მკურნალობა შესაძლებელია – და არსებობს გამოსავალი

OCD-თან ერთად ცხოვრება ძალიან დამღლელია – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარშემომყოფებისათვის რთულია იმის დანახვა და გაგება, თუ რას განიცდის ადამიანი. თუმცა, ეს მდგომარეობა განაჩენი არ არის. არსებობს ეფექტური მკურნალობის მეთოდები – როგორც თერაპიული, ისე მედიკამენტური – რომლებიც ადამიანს ეხმარება, შეცვალოს ობსესიურ აზრებზე რეაგირების ჩვეული გზები და შეამციროს კომპულსიების გავლენა.

OCD პიროვნული სისუსტე ან პირადი მარცხი არ არის და ამ მდგომარეობასთან გამკლავება მარტო არავის უნდა უწევდეს. OCD-ის შესახებ სანდო ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, ხოლო სწორი მკურნალობა ეხმარება ადამიანს თანდათან დაიბრუნოს დრო, თავისუფლება და ყოველდღიური ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა.

OCD-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ ამ მდგომარეობის მქონე ადამიანების გამოცდილება და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი თანაგრძნობისა და დროული დახმარების მნიშვნელობას. ხშირად ცვლილება სწორედ იმის გაცნობიერებით იწყება, რომ ადამიანი საკუთარ სირთულეებში მარტო არ არის.

 

სტატიის ავტორი: ფსიქოთერაპევტი მარიამ გერგაული