სუნთქვა და სუნთქვის მნიშვნელობა სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაში

 

 

 

რა არის ბიოსინთეზი?

ბიოსინთეზი სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის მიმდინარეობაა. ის ფლობს მეთოდებს, რომელიც სხეულის, გონების და სულიერი საწყისის ინტეგრაციაში და დაბლოკილი სასიცოცხლო ენერგიის განთავისუფლებაში გვეხმარება. ამ სამი ასპექტის ინტეგრაციაში შეიძლება შეიქმნას პრობლემა სტრესის ფონზე. ინტეგრაციის აღსადგენად ბიოსინთეზურ თერაპიაში ვმუშაობთ:

  1. კუნთების ტონუსის და მოძრაობის ბალანსის აღსადგენად (დამიწება)
  2. განცდების გამოცდილებების რეორგანიზაციაზე
  3. სუნთქვის და ემოციური ექსპრესიის განთავისუფლებაზე (ცენტრირება)

სუნთქვის მნიშვნელობა ბიოსინთეზში

სუნთქვას ბიოსინთეზში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია- სუნთქვის, ფიზიკური გამოხატვის, თერაპიული შეხების მნიშვნელობა გავლენას ახდენს სხეულზე და აძლევს მას თერაპიული ძვრების ბიძგს.

სხეულში ხშირად “ინახება” დათრგუნული ემოციები , რომლებიც სხეულსაც თრგუნავენ_ ჩვენ მას “სხეულის ჯავშანსაც” ვეძახით, იგივე კუნთოვანი დაძაბულობა.

სუნთქვა არის შუამავალი შინაგან და გარე სამყაროებს შორის. ასევე, აკავშირებს არაცნობიერს და ცნობიერს. სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაზე სუნთქვის სტილიც განსხვავებულია- იქნება ეს გახშირებული, შეკავებული თუ ქაოტური.

ბიოსინთეზის ავტორი დევიდ ბოადელა გამოყოფოს სუნთქვაში დარღვევის ოთხ ძირითად პატერნს:

  1. ჩასუნთქვისას გულ-მკერდის არის ზედმეტად გაბერვა, ხოლო მუცლის არასაკმარისად.
  2. პირიქით;
  3. ჩასუნთქვისას გულ-მკერდის და მუცლის არასაკმარისი გაფართოება
  4. ამოსუნთქვისას გულ-მკერდის არასაკმარისი გაფართოება;

ბუნებრივი და სწორი სუნთქვის მოდელი კი ასეთია- ჩასუნთქვისას სინქრონულად იზრდება გულ- მკერდი და მუცელი, ხოლო ამოსუნთქვისას სინქრონულად მცირდება.

სხეულზე დაკვირვებითაც შეიძლება “დავინახოთ” სად არის შეკავებული სუნთქვა, ემოციები, სად მიედიენება ენერგია თავისუფლად და სად არის ბლოკები. ბლოკებთან მუშაობისას ერთ- ერთი პირველი ნაბიჯია- სუნთქვის ვარჯიშები.

ფსიქოლოგიური მდგომარეობა გავლენას ახდენს სუნთქვაზე:  მაგალითად, შფოთვისას, პანიკური შეტევებისას, მწვავე ბრაზისას თუ სტრესის დროს, სხვა სიმპტომებთან ერთად, გვხვდება სუნთქვის აჩქარება, ზედაპირული სუნთქვა (ჰიპერვინტილაცია); სტრესისას სუნთქვის შეკავება; არარეგულარული სუნთქვა- შფოთვის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისას, როდესაც სუნთქვის ნორმალური, სტაბილური რიტმი ირღვევა, რამაც შეიძლება ტვინს სიგნალი მისცეს, რომ სხეული საფრთხის ქვეშაა, რაც სტრესულ რეაქციას აგრძელებს. სუნთქვის დარღვევა ან შეზღუდვა არღვევს სასიცოცხლო ენერგიის ბუნებრივ დინებას. თერაპიული მუშაობის მიზანია- ბუნებრივი, ღრმა, დიაფრაგმული სუნთქვის აღდგენა.

სუნთქვასთან და სხეულის მოძრაობებთან შეგნებული მუშაობით თერაპევტი ცდილობს დაეხმაროს კლიენტს დაძაბულობის მოხსნაში, რეპრესირებული ემოციების წვდომაში, მათი ფიზიკური და ემოციური გამოცდილების ინტეგრირებაში. როგორც უკვე ვთქვი, ბიოსინთეზში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შეხებას, მოძრაობას და თერაპევტისთვის აუცილებელია მოძრაობის,სუნთქვის სინქრონიზაცია კლიენტის სუნთქვასთან. რა დროსაც ვაკვირდებით კლიენტის სუნთქვას, ცენტრირებას. ცენტრირება, თავის მხრივ, კავშირშია სუნთქვასთან, ემოციებთან, შინაგან ორგანოებთან, ჩვენს ბირთვთან, რამდენად გრძნობთ საკუთარ ფასეულობას- ვინ ვარ მე?

ბიოსინთეზში სხეულის სხვადასხვა მოძრაობებით და შეხებასთან მუშაობით კლიენტი იკვლევს თავის თავს და ამყარებს კონტაქტს საკუთარ თავთან, რა დროსაც თერაპევტი არის მხარდამჭერი მისდამი. კონტაქტი კლიენტსა და თერაპევტს შორის შეიძლებ დამყარდეს შეხებით ან უბრალოდ მის გვერდით ყოფნით.

ადამიანი, რომელსაც ერთი სული აქვს რაღაც ამოთქვას, გააზიაროს- გახშირებული სუნთქვის ფონზე ახერხებს; ადამიანი, რომელიც ანალიზის და გაცნობიერების პროცესშია- მისი სუნთქვა შედარებით შენელებული ან ღრმაა. თითქოს ენერგიას ზოგავს რათა მივიდეს კულმინაციამდე- სიტყვა “ამოვისუნთქე”ქართულში პირდაპირ შვების მოგვრას ნიშნავს. როცა რაღაც, რაც გროვდებოდა, შეკავებული იყო გამოვიდა, გაცნობიერდა, რეალიზდა  და ამ ამოსუნთქვამ ნორმალური სუნთქვის საშუალება მისცა ადამიანს.

დაბნეულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სუნთქვა ქაოტურია, არათანმიმდევრული. ასე რომ, სუნთქვაზე დაკვირვებითაც შეიძლება მივხვდეთ რა პროცესს გადის ადამიანი, რამდენად რთულია მისთვის საკითხი რომელზეც მუშაობ., რამდენად დამაბნეველია საკუთარ, ჯერ არ გაცნობილ ნაწილებთან შეხვედრა. ალბათ, ყველა თერაპევტის სურვილია რაც შეიძლება მალე მივიდეს კლიენტი “ამოსუნთქვის” ეტაპთან, მაგრამ მნიშვნელოვნია კლიენტს ჰქონდეს საკმარისი დრო და მხარდამჭერი სივრცე, რომელსაც ქმნის თერაპევტი.

სტატიის ავტორი: მაგდა ამაღლობელი

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სუნთქვის დიალოგები, სუნთქვის პატერნები , როგორც სოციალური ურთიერთობების პატერნები- ა. ვეხოვსკი
  2. ბოადელას სუნთქვის სტილებიდან ამოანარიდი- დევიდ ბოადელა