დეფლექსია – კონტაქტისგან თავის არიდების მექანიზმი

ალბათ არაერთხელ გვსმენია, რომ გეშტალტი არის კონტაქტის თერაპია. გეშტალტ თერაპია მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ადამიანი აუცილებლად არის კონტაქტში საკუთარ თავთან და გარემოსთან. ის, თუ როგორ შედის და ამყარებს კონტაქტს ადამიანი, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. სხვადასხვა სიტუაციებში ჩვენ ვმოქმედებთ სხვადასხვანაირად. მაგალითად, ვიკავებთ ქუჩაზე გადარბენის სურვილს და, პირველ რიგში, ვაკვირდებით, მოდის თუ არა მანქანა, ხოლო ისეთ ადგილებში, მაგალითად როგორიც სამძიმარია არ ვიკავებთ ემოციას და ტირილის სურვილს.

თავის არსში ადამიანის ცხოვრება არის უწყვეტი კრეატიული ადაპტაცია, რომელიც მიმართულია მუდმივად ცვალებადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ და კომპრომისის ძიებისკენ ადამიანისა და გარემოს მოთხოვნილებებს შორის. იდეალურ შემთხვევაში, კრეატიული ადაპტაციის პროცესი არის უწყვეტი: ადამიანი იცვლება ველში არსებული ცვლილებების შესაბამისად. ამის დემონსტრირება შემდეგ მაგალითშია შესაძლებელი: ახალშობილი თავის ტკივილს გამოხატავს ხმამაღალი ტირილით, რომელიც იპყრობს ზრდასრულების ყურადღებას. როდესაც ბავშვი იზრდება, ის სწავლობს ემოციების ვერბალურად გამოხატვას და აღარ უწევს ხმამაღალი ტირილი იმისათვის, რომ მისი მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს.

როდესაც მუდმივად გვაქვს შეხება ამა თუ იმ მოთხოვნილებასთან, ჩვენ ვსწავლობთ მათთან ურთიერთობას და მათი დაკმაყოფილების ყველაზე ეფექტური გზები ხდება ჩვენთვის ჩვეული. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ველში ხდება ცვლილებები და მუშა კონტაქტის დამყარების გზები წყვეტს მუშაობას. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს რიგ სიტუაციებში და ჩამოყალიბდეს „გაყინული“ ქცევის პატერნი. ასეთი პატერნის ჩამოყალიბების შემთხვევაში ადამიანი კარგავს არჩევანის თავისუფლებას და ინერციით იყენებს ქცევის იმ მოდელს, რომელიც ადრე მუშაობდა ან, უკიდურეს შემთხვევაში, იქცა გამკლავების მეტ-ნაკლებად წარმატებულ გზად. მაგალითად, სულიერი ტკივილის სასმლით გაყუჩება ან პრობლემის დროს ჭარბი კვება.

ასე, მაგალითად, ბავშვი, რომელსაც ბავშვობაში სცემდნენ, დიდ ასაკში შესაძლოა გაურბოდეს სიახლოვეს. პრობლემების ძალიან დიდი პროცენტი, რომლებითაც კლიენტები მოდიან თერაპიაზე, ზუსტად ეხება იმ ძველ კრეატიულ ადაპტაციებს, რომლებიც აღარ მუშაობს ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარსულში იყვნენ ადაპტურები; შემდეგ კი გადაიქცნენ კონტაქტის წყვეტის მექანიზმებად და ხელს გვიშლიან პროცესის დასრულებასა და ასიმილაციაში.

წინააღმდეგობა კონტაქტში

წინააღმდეგობა, როგორც ცხოვრებაში, ისე თერაპიაშიც, არის ის ფენომენი, რომელსაც მუდმივად ვაწყდებით. ამ წინააღმდეგობების ტიპები კი განსაზღვრავს იმას, თუ რა ფორმით და როგორ ვურთიერთქმედებთ გარემოსთან.

ძალიან ხშირად ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ წყვეტს კონტაქტს და რომ მას აქვს არჩევანი, გააკეთოს რაიმე თუ არა. ხშირ შემთხვევაში, თერაპევტის ამოცანაა დაეხმაროს კლიენტს იმაში, რომ გააცნობიეროს, თუ როგორ ამყარებს ის კონტაქტს.

ადამიანის გარე სამყაროსთან კონტაქტის პროცესი გეშტალტ თერაპიაში კონტაქტის ციკლის სახით აღიწერება, კონტაქტის საზღვარი კი აღქმულია, როგორც საზღვარი ორგანიზმსა და გარე სამყაროს შორის. კონტაქტის საზღვარს ორი ფუნქცია აქვს გარე სამყაროსთან განცალკევება ან მასთან კავშირი.

კონტაქტის ციკლი არის სქემა, პროცესი, რომელიც აღწერს ადამიანის გარემოსთან კონტაქტს. ეს პროცესი შეიცავს სიახლის აღქმას, შეფასებას – მისაღებია თუ არა, საინტერესოა თუ არა მისთვის ეს სიახლე იმ კონკრეტულ მომენტში  და ასიმილაციას, თუ ეს სიახლე სასურველია, ან ლიკვიდაციას, თუ ის ზედმეტია. თითოეული ადამიანი ისე მართავს თავის ენერგიას, რომ ჰქონდეს კარგი კონტაქტი გარე სამყაროსთან ან, პირიქით, წინააღმდეგობას უწევს კონტაქტს. თუ ადამიანი გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა მოიტანს დადებით შედეგებს, ის სიხარულით ხვდება ცხოვრებას პირისპირ, ნდობითა და შემართებით აღსავსე. მაგრამ თუ ძალისხმევას არ მოაქვს შესაბამისი შედეგი, მას უჩნდება ძლიერი დამანგრეველი განცდები: ბრაზი, დაბნეულობა, მოუსვენრობა, უძლურების შეგრძნება, იმედგაცრუება და ა.შ. მაშინ ის იძულებული ხდება ძალები მოიკრიბოს ახალი გზების ძიებისთვის, რომლებიც ამცირებს გარემოსთან კონტაქტის რისკს.

კონტაქტის წყვეტის მექანიზმები

არსებობს ხუთი ძირითადი წყვეტის მექანიზმი: ინტროექცია, პროექცია, რეტროფლექსია, კონფლუენცია და დეფლექსია. დღეს ჩვენ განვიხილავთ იმ კონტაქტის ციკლის წყვეტის მექანიზმს, რომელსაც ჰქვია დეფლექსია.

დეფლექსია არის ერთ-ერთი კონტაქტისგან თავის არიდების მექანიზმი. მარტივად რომ ვთქვათ, დეფლექსია ნიშნავს, როცა ადამიანი არ შედის პირდაპირ კონტაქტში საკუთარ გრძნობებთან, საჭიროებებთან ან სხვა ადამიანთან და ყურადღების სხვაგან გადატანის ხერხს მიმართავს. როგორ ვლინდება დეფლექსია? ხშირად ხუმრობით გადავფარავთ სერიოზულ თემას ან საერთოდ ვცდილობთ შევცვალოთ საუბრის თემა. დეფლექსია ხშირად გამოვლინდება ზედმეტი ინტელექტუალიზაციის სახითაც, მუდმივად ანალიზში წასვლით ან კონკრეტიკისგან თავის არიდებით. როდესაც ადამიანი დეფლექსირებს, გვაქვს განცდა, თითქოს რაღაცის გარშემო დავდივართ; მოდის დაბნეულობის შეგრძნება და ამიტომ გვიჭირს მოსაუბრის მთავარ თემაზე მობრუნება. თითქოს ის მთელი ძალით ეწინააღმდეგება რაღაცას. ერთი შეხედვით, ალბათ დაფიქრდებით, რატომ შეიძლება ადამიანი იქცეოდეს ასე? რისთვის შეიძლება ის იყენებდეს დეფლექსიას?

შეიძლება ეს იყოს ტკივილის, შფოთვის ან სირცხვილისგან გაქცევისა და თავის არიდების გზა, ასევე კონფლიქტისგან თავის არიდების გზა ან თუნდაც სიახლოვის შიშისგან გამოწვეული გაქცევა. ადამიანი თავს არიდებს ემოციების განცდას აქ და ამჟამად. კონტაქტისგან თავს შეიძლება ირიდებდეს როგორც საუბრის წამომწყები, ასევე მისი თანამოსაუბრეც. პარტნიორი, რომელიც თავს არიდებს კონტაქტს და მასზე სხვა ადამიანის ზემოქმედებას, თითქოს უჩინარ ფარს აღმართავს.

დეფლექსია ხშირად ყალიბდება ბავშვობაში, როდესაც ემოციური გამოხატვა არ იყო უსაფრთხო, როდესაც თვითგამოხატვას შედეგად მოჰყვებოდა იგნორი ან სულაც დაცინვა, როდესაც ემოციების გამომჟღავნება პირდაპირ კონფლიქტში შესვლას ნიშნავდა.

დეფლექსია როგორც ადაპტაცია

რა თქმა უნდა, არსებობს მოცემულობები, როდესაც დეფლექსია შეიძლება სიტუაციიდან ძალიან კარგი გამოსავალიც აღმოჩნდეს. გვხვდება გარემოებები, რომლებიც იწვევს ემოციებისა და ვნებების აქტიურ აკუმულირებას, რომლებსაც ხანდახან სჯობს გავერიდოთ. მაგალითად, ნაციონალურ ინტერესებზე საუბარი. დიპლომატიის ენა ცნობილია იმით, რომ გამორიცხავს საუბარში უპატიებელ შეურაცხყოფებს; გვერდს უვლის ბასრ კუთხეებს, ცდილობს თავიდან აირიდოს გამოუსწორებელი განცხადებები, რომელთა შედეგიც შეიძლება საკმაოდ გაურკვეველი და, უფრო მეტიც, სავალალო აღმოჩნდეს.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, დეფლექსია, როდესაც ეს გაცნობიერებულია (მაგალითად, დიპლომატიურ ურთიერთობებში) და ატარებს გარკვეულ მიზანს, არ წარმოადგენს პრობლემას. პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როდესაც მას მივმართავთ გაუცნობიერებლად და შედეგად ვერ ვიკმაყოფილებთ საკუთარ მოთხოვნილებებს, რაც შემდგომში იწვევს დიდ ფრუსტრაციას.

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ დეფლექსიის მრავალმხრივი გამოხატულება კონტაქტის ციკლში ხანდახან მაოცებს კიდეც. რა მრავალფეროვანი შეიძლება იყოს მისი ფორმები, როგორ „კარგად“ და „მოქნილად“ შეიძლება იყენებდეს ამ ფორმებს კლიენტი კონტაქტის მოდიფიკაციისას. ჩემი აზრით, დეფლექსიის ტიპების მრავალფეროვნებაც კლიენტის მხრიდან შეიძლება მიუთითებდეს მის ინტელექტუალურ რესურსებზე და იმაზე, რომ, თუ შევთავაზებთ კრეატიული მორგების ახალ გზებს, ის აუცილებლად შეძლებს ახალი გამოცდილებების შექმნას და ახალი ქცევის ჩამოყალიბებას.

 

სტატიის ავტორი: ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი სალომე დადიანი