ოჯახზე საუბრისას ხშირად ყურადღება გადადის ფუნქციებზე: ვინ უზრუნველყოფს მატერიალურ კეთილდღეობას, ვინ ზრუნავს ბავშვზე, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. თუმცა ფსიქოანალიზისთვის ოჯახი მხოლოდ სოციალური ერთეული არ არის. ის არის სივრცე, სადაც ყალიბდება სუბიექტი, მისი სურვილი, მისი ენა, მისი კანონი და მისი ურთიერთობა სხვასთან. სწორედ ამ კონტექსტში მამის ადგილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოანალიზში „მამა“ არ ნიშნავს მხოლოდ ბიოლოგიურ მამას. განსაკუთრებით ჟაკ ლაკანთან, მამის ცნება, უპირველესად, ფუნქციაა. ეს ფუნქცია შეიძლება შეასრულოს ბიოლოგიურმა მამამ, მაგრამ ასევე სხვა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, თუ ის ბავშვს აძლევს კანონის, საზღვრისა და განსხვავების გამოცდილებას.
ფსიქიკური ცხოვრება იწყება სრული დამოკიდებულებით. ბავშვისთვის დედა თავდაპირველად მთელი სამყაროა. მისი მზერა, ხმა, შეხება, კვება — ეს ყველაფერი ქმნის პირველ გამოცდილებას, რომლის ფარგლებშიც ბავშვი ჯერ კიდევ ვერ არჩევს საკუთარ თავსა და სხვას. თუ ეს დიადა შეუზღუდავად გაგრძელდება, ბავშვს გაუჭირდება საკუთარი დამოუკიდებელი სურვილის ჩამოყალიბება. სწორედ აქ ჩნდება მამის ფუნქცია. ფსიქოანალიზში მამის მთავარი ამოცანა არ არის ბავშვის დასჯა ან მკაცრი აღზრდა. მისი ამოცანაა შეყვანა სიმბოლურ წესრიგში. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს ეცნობება ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება: ადამიანი ვერ იქნება სხვისი სრული საკუთრება. არც დედა ეკუთვნის ბავშვს და არც ბავშვი ეკუთვნის დედას. ეს შეზღუდვა, ერთი შეხედვით, მტკივნეულია, მაგრამ სწორედ მისგან იბადება თავისუფლება.
როდესაც ბავშვი აღმოაჩენს, რომ დედას საკუთარი სურვილიც აქვს, საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ურთიერთობები, სწორედ მაშინ იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ სამყაროში სხვებიც არსებობენ. ამ გამოცდილებიდან იბადება სოციალური ცხოვრება, ენა, კულტურა და სურვილი. ზიგმუნდ ფროიდი ამ პროცესს უკავშირებდა ოიდიპოსის კომპლექსს, ხოლო ლაკანი მას კიდევ უფრო აფართოებს და აჩვენებს, რომ მთავარი არ არის კონკრეტული მამა, არამედ „მამის სახელი“ (Nom-du-Père) – სიმბოლური პრინციპი, რომელიც აწესებს კანონს და ბავშვს საშუალებას აძლევს, გამოვიდეს პირველადი შერწყმიდან.
ეს კანონი არ არის მხოლოდ აკრძალვა, ის ქმნის სივრცეს სურვილისთვის. ადამიანი მხოლოდ მაშინ იწყებს ნამდვილი სურვილის განცდას, როდესაც ხვდება, რომ ყველაფერი არ შეიძლება. პარადოქსულად, სწორედ შეზღუდვა აჩენს სურვილს. სადაც საზღვარი არ არსებობს, სურვილიც თანდათან ქრება და ადგილს იკავებს ან უსასრულო მოთხოვნილება, ან სიცარიელის განცდა. ამიტომ მამის ფუნქცია ყოველთვის დაკავშირებულია საზღვართან. ბავშვი სწავლობს, რომ არსებობს:
-
სხვა ადამიანების სურვილი;
-
კანონი;
-
პასუხისმგებლობა;
-
დროის გადადება;
-
იმედგაცრუების ატანა;
-
მარცხის მიღება.
ეს ყველაფერი ემოციური სიმწიფის საფუძველია. თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად გვესმის, რომ მამის როლი მცირდება ან საერთოდ აღარ არის აუცილებელი. ფსიქოანალიზი ამას სხვაგვარად უყურებს. პრობლემა არ არის მამის ფიზიკური არარსებობა. ბევრ შემთხვევაში მამა ოჯახში ყოველდღიურად ცხოვრობს, მაგრამ მისი ფუნქცია არ არსებობს. ის შეიძლება იყოს ემოციურად გაუჩინარებული, ავტორიტეტს მოკლებული ან, პირიქით ძალადობრივად დომინანტი. ორივე უკიდურესობა პრობლემურია.
თუ მამა საერთოდ ვერ ასრულებს საზღვრის ფუნქციას, ბავშვს უჭირს საკუთარი სურვილის ჩამოყალიბება. ხშირად ვხედავთ ძლიერ დამოკიდებულებებს, ავტონომიის შიშს, მუდმივ მოთხოვნას გარედან დადასტურების მიმართ, იდენტობის არასტაბილურობას. ხოლო როდესაც მამა მხოლოდ ძალაუფლების ფიგურად არსებობს, კანონი კარგავს სიმბოლურ მნიშვნელობას და შიშში გადაიქცევა. ასეთ პირობებში ადამიანი ხშირად ან მუდმივ დამორჩილებას სწავლობს, ან მთელ ცხოვრებას ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში ატარებს. ორივე შემთხვევაში ზიანდება სურვილი.
ლაკანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მამის ფუნქცია დედის სურვილის ორგანიზებასაც უკავშირდება. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს, რომ დედას აქვს რაღაც, რაც ბავშვზე მეტია: საკუთარი ცხოვრება, პარტნიორობა, საქმიანობა, სურვილები. სწორედ ამიტომ მამის ფუნქცია მხოლოდ ბავშვს არ ეხება, ის მთლიანად ოჯახურ სისტემას აძლევს სტრუქტურას. ამ კონტექსტში ბავშვის სიმპტომიც ხშირად მხოლოდ მისი პირადი პრობლემა არ არის.
ფსიქოანალიტიკურ კლინიკაში ბავშვის სიმპტომი არაერთხელ იქცევა ოჯახის არაცნობიერი დინამიკის გამოხატულებად. ბავშვი თითქოს საკუთარ სხეულში ან ქცევაში ატარებს იმ კონფლიქტს, რომლის სიტყვიერად გამოხატვაც ოჯახმა ვერ შეძლო. ასეთ დროს მნიშვნელოვანია კითხვა: რა ადგილი უჭირავს მამას ამ ოჯახში? არის თუ არა წარმოდგენილი ფუნქცია, რომელიც ქმნის საზღვარს, განსხვავებასა და სტაბილურობას? თანამედროვე კულტურა კიდევ ერთ გამოწვევას აჩენს: დღეს ხშირად ხდება ავტორიტეტის დევალვაცია, ნებისმიერი შეზღუდვა კი აღიქმება როგორც თავისუფლების შეზღუდვა. თუმცა ფსიქოანალიზი გვახსენებს, რომ თავისუფლება არ არის კანონის არარსებობა. თავისუფლება ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი შინაგანად ფლობს კანონს და აღარ სჭირდება მისი გარედან მუდმივი კონტროლი. სწორედ ამიტომ, მამის ფუნქციის საბოლოო მიზანი მორჩილების შექმნა კი არა, შინაგანი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაა.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მამის ადგილი ოჯახში არ განისაზღვრება ძალაუფლებით, მატერიალური უზრუნველყოფით ან მკაცრი აღზრდით. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ბავშვს ეხმარება პირველადი შერწყმიდან გამოსვლაში, სხვასთან ურთიერთობის სწავლაში, სურვილის აღმოჩენასა და პასუხისმგებლობის აღებაში.
როდესაც ეს ფუნქცია მუშაობს, ოჯახში ჩნდება სივრცე, სადაც თითოეულ წევრს შეუძლია იყოს განსხვავებული, ჰქონდეს საკუთარი სურვილი და ამავე დროს შეინარჩუნოს კავშირი სხვებთან. სწორედ ასეთი სივრცე ქმნის არა უბრალოდ ოჯახს, არამედ ისეთ გარემოს, სადაც შესაძლებელია სუბიექტის დაბადება.
„ფსიქოანალიზისთვის მამის მნიშვნელობა არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენ დროს ატარებს ის შვილთან ან რამდენად მკაცრია. მთავარი კითხვა ასეთია: არსებობს თუ არა ოჯახში ფუნქცია, რომელიც ბავშვს ასწავლის, რომ სიყვარული არ ნიშნავს ფლობას, სურვილი არ ნიშნავს ყველაფრის მიღებას და თავისუფლება შეუძლებელია პასუხისმგებლობის გარეშე. სწორედ ამ ფუნქციას ფსიქოანალიზი მამის ადგილს უწოდებს.“
სტატიის ავტორი: ინტეგრას ფსიქოთერაპევტი გიორგი ჭანტურია