სიტყვა „ფსიქოანალიზი“ ყველასთვის ასოცირდება ტახტზე დაწოლილ პაციენტთან და სათვალეებიან ბიძასთან, რომელიც ჭკვიანური სახით ზის სავარძელში პაციენტის უკან და რაღაცებს იწერს ბლოკნოტში. სურათი, რა თქმა უნდა, გროტესკულია, მაგრამ არც ისე შორს არის რეალობისგან. მაგრამ როდესაც ხალხს ესმის რომ ბავშვთა ფსიქოანალიზიც არსებობს, ეს როგორც წესი იწვევს ან ღიმილს ან დაბნეულობას – როგორ შეიძლება ბავშვს, მითუმეტეს პატარას, ჩაუტარო ფსიქოანალიზი? ამ სტატიაში მე ვეცდები გაჩვენოთ, თუ რა ხდება ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსის ოთახში და რატომ არის ბავშვებთან მუშაობა ეფექტური და მნიშვნელოვანი.
როგორც ვიცით, ფსიქოანალიზი დაფუძნებულია პაციენტის თავისუფალ ასოციაციებთან მუშაობაზე. პაციენტი წევს ტახტზე და საუბრობს ყველაფერზე რაც თავში მოსდის, ანალიტიკოსი კი მიჰყვება ამ საუბარს და ეხმარება პაციენტს კავშირების დამყარებაში და ქვეცნობიერი გრძნობების და ფიქრების აღმოჩენაში. ბავშვთან მუშაობის შემთხვევაში თერაპევტის ამოცანა იგივეა, მაგრამ საუბრის მაგივრად ჩვენ ვიყენებთ უძლიერეს ინსტრუმენტს – თავისუფალ თამაშს. თამაში ბავშვისთვის წარმოადგენს იმ უსაფრთხო სივრცეს, სადაც „ვითომ-ვითომ“ ყველაფერზე საუბარი შესაძლებელია, სადაც საშიში ფიქრები და გრძნობები სხვებზე პროეცირდება და თამაშდება – და ამიტომ ნაკლებად საშიშები ხდება.
ბავშვის ფსიქოანალიზი მაგონებს ლუის ქეროლის ალისას ჩასვლას კურდღლის სოროში , სადაც ანალიტიკოსი, როგორც ბრძენი დოდო, უბრალოდ მიჰყვება მას, სულ გვერდზე არის, მაგრამ არ ერევა სანამ ამის აუცილებლობას არ იგრძნობს.
ვინიკოტი ამბობდა, რომ თამაში აძლევს პაციენტს კრეატიულობის საშუალებას, ქმნის გარდამავალ სივრცეს პაციენტის და თერაპევტის შორის, და ზუსტად ამ სივრცეში ხორციელდება თერაპიული პროცესი. გარდამავალი სივრცის კონცეფცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იდეა ფსიქოთერაპიაში. ეს არ არის შინაგანი სამყარო, მაგრამ არც გარე რეალობა არის. ჩემი წინა მეტაფორა რომ გამოვიყენოთ – ეს არის ზუსტად ის კურდღლის სორო, სადაც ჩავარდა ალისა, საოცრებათა ქვეყანა, სადაც ბავშვი არა მარტო დამკვირვებელი, არამედ ყველა მოვლენის აქტიური მონაწილეა. ეს არის სივრცე, სადაც ბავშვი ამყარებს კავშირს გარე რეალობის და საკუთარი ფანტაზიის შორის.
გარდამავალი სივრცე არსებობს არა მხოლოდ ფსიქოთერაპიულ ოთახში, ის ჩნდება პირველად ჩვილის და დედის ურთიერთობის დროს, როდესაც ბავშვი იყენებს დედას საკუთარი ემოციების კონტეინერებისთვის და ჯერ მოუმწიფებელი ეგოს დასამყარებლად; ის ჩნდება ნებისმიერი ბავშვის თამაშის დროს და შეიძლება იყოს როგორც კომფორტული, ისევ საშიში და შემაწუხებელი – როდესაც თამაში სხვადასხვა მიზეზების გამო ბავშვისთვის გაღიზიანების წყაროდ იქცევა.
თერაპევტის ამოცანა მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ შექმნას ისეთი სივრცე, სადაც ბავშვი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობს თავს და შეძლებს ითამაშოს თავისუფლად და გამოხატოს თავისი კრეატიულობა. ამ მიზნის მისაღწევად ერთი მხრიდან ბავშვისთვის თავისუფლების მიცემა არის საჭირო, მეორე მხრიდან – სეტინგის მკაცრი დაცვა.
რა არის სეტინგი?
სეტინგი წარმოადგენს გარკვეულ ჩარჩოს – ფიზიკურ და მენტალურ სივრცეს ფსიქოანალიტიკური მუშაობისთვის.
ფიზიკური სეტინგი ნიშნავს იმას, რომ ბავშვის და თერაპევტის ურთიერთობა შემოიფარგლება იმ ოთახით და იმ დროით, რომელიც არის გამოყოფილი სეანსისთვის. ამ დროის განმავლობაში თერაპევტი სრულად არის ბავშვთან ერთად, ის უსმენს, აკვირდება, თამაშობს და ფიქრობს ბავშვთან ერთად. ის ახმოვანებს ბავშვის თამაშს, ასახელებს ემოციებს, ბავშვთან ერთად ფიქრობს თამაშის გმირების ქცევაზე და გრძნობებზე. ეს ქმნის განსაკუთრებულ ურთიერთობას პაციენტის და თერაპევტის შორის, რომელიც ძალიან განსხვავდება ყველა სხვა ურთიერთობისგან.
აქ სხვა წესები მოქმედებს – თერაპევტი არ აფასებს ბავშვს, არ ელოდება მისგან „სწორ“ პასუხებს და კარგ ქცევას, არ აიძულებს რამეს გაკეთებას. ერთად ერთი შეზღუდვა, რომელს ვაწესებთ არის საკუთარი თავისთვის, ოთახისთვის და თავად თერაპევტისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება და დროის ამოწურვის შემდეგ კაბინეტის დატოვება.
ეს ქმნის ერთი მხრიდან – უსაფრთხოების განცდას (ყველა განცდა, ფიქრი და ემოცია, რომელიც აშინებს ბავშვს, რჩება ამ ჩარჩოს ფარგლებში), მეორე მხრიდან – შინაგანი ემოციების გამოხატვის თავისუფლებას, მაშინაც, როდესაც ეს ემოციები ან ფიქრები ძალიან „ცუდია“ ან საშიშია.
ბავშვი, თერაპევტის დახმარებით, მიჰყავს საკუთარ ემოციებთან დაკავშირებული გაურკვევლობების წინაშე. ამ მერყევ შინაგან სამყაროში მას უფრო მეტად სჭირდება სტაბილური გარეგანი სამყაროს მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სესიები ყოველთვის იმავე ოთახში, იმავე დღეს, იმავე დროს და იმავე სათამაშოებით ჩატარდეს.
ზემოაღწერილი ფიზიკური სეტინგის გარდა არსებობს მენტალური სეტინგი, რომელიც შემოიფარგლება თერაპევტის ქცევის გარკვეული პრინციპებით. მენტალური სეტინგი გვჭირდება იმისთვის, რომ შევქმნათ ღია და უსაფრთხო სივრცე კომუნიკაციისთვის. თერაპევტის ამოცანა არის ბავშვის შინაგანი სამყაროს გაგება; ამისთვის ბავშვმა უნდა შეძლოს საკუთარი ემოციების და ფანტაზიების პროეცირება არა მხოლოდ სათამაშოებზე და გარდამავალ სივრცეში, არამედ თვითონ თერაპევტზეც. ამის მიღწევა შეუძლებელია მენტალური სეტინგის გარეშე.
ნეიტრალურობა ნიშნავს რომ თერაპევტი არ აფასებს პაციენტის ფიქრებს ან ქმედებებს მორალის ან სწორი/არასწორის თვალსაზრისით. აქაც მიზანი არის გაგება, შეიძლება კონტეინირება, მაგრამ არა შეფასება.
თავშეკავებულობა გულისხმობს რომ თერაპევტი არ აკმაყოფილებს პაციენტის სურვილებს, არ ამშვიდებს მას, არ გასცემს პირდაპირ პასუხებს შეკითხვებზე, არამედ იძიებს პაციენტთან ერთად ამ შეკითხვების მნიშვნელობას.
ანონიმურობა ნიშნავს რომ თერაპევტის პირადი ცხოვრება, პირადი შეხედულებები, აქტივობა სოციალურ ქსელებში უნდა იყოს მაქსიმალურად დაფარული პაციენტისგან. ეს აძლევს პაციენტს სივრცეს ფანტაზიისთვის თერაპევტის შესახებ და ასევე დაცულობის გრძნობას.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ თერაპევტი უნდა იყოს დისტანცირებული და უემოციო. ეს შეუძლებელია, განსაკუთრებით ბავშვებთან მუშაობაში, როდესაც ზრუნვის და სითბოს გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ყველა თერაპევტს ეს სამი პრინციპი სულ თავში უნდა ჰქონდეს და ეცადოს დაიჭიროს ბალანსი.
თამაში
ახლა დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ როგორ ახერხებს თერაპევტი ბავშვის ქვეცნობიერ შიშებთან, ფიქრებთან და გრძნობებთან წვდომას. აქ, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვიყენებთ უნიკალურ ინსტრუმენტს – ეს არის ბავშვის თავისუფალი თამაში. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ ბავშვის თამაში არის რაღაცა არასერიოზული, რომ ეს არის უბრალოდ გართობა, რომელიც არ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. სინამდვილეში, ბავშვისთვის 6-7 წლის ასაკამდე ზუსტად თამაში წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივობას.
ბავშვისთვის თამაში წარმოადგენს სამყაროს და ურთიერთობის გამოკვლევის მთავარ ხერხს და რეალურად ის ბევრად უფრო მეტს აძლევს ბავშვის განვითარებისთვის, ვიდრე ნებისმიერ „ადრეული განვითარების“ აქტივობებზე სიარული. ჯერ კიდევ ფროიდი ამბობდა, რომ ბავშვის თამაში არის ზრდასრულის ფანტაზიების და თავისუფალი ასოციაციების ანალოგი და ზუსტად თამაშის მეშვეობით შეგვიძლია ბავშვის ქვეცნობიერთან ვიპოვოთ გასაღები. ამის ილუსტრაციისთვის ფროიდს აქვს საკუთარი 1 წლის შვილიშვილის თოკის მარყუჟით თამაშის აღწერა: ბავშვი აგდებდა თოკს, აცილებდა ამას სიტყვით „ოოოო“, მერე ქაჩავდა თოკის ბოლოს და აბრუნებდა მას გახარებული გამოძახილით „დაააა“.
ამ თამაშით ბავშვი გვეუბნება: „მე შემიძლია ვაკონტროლო დედის წასვლა და მოსვლა, მე არ მეშინია მარტო დარჩენის, რადგან ვიცი რომ შემიძლია დავაბრუნო როცა დამჭირდება“.
აი ზუსტად ამ როლს – ბავშვის ქვეცნობიერი ფიქრების გახმოვანების – ირგებს თერაპევტი. და ამის მეშვეობით ბავშვის შინაგანი სამყარო ბევრად უფრო გასაგები, უსაფრთხო და კომფორტული ხდება. ბავშვი სწავლობს ემოციების გამოცნობას, გრძნობების გამკლავებას და რეალური სამყაროს და ფანტაზიის გამიჯვნას. თამაშის ფორმით ეს პროცესი ბუნებრივი, საინტერესო და სახალისო ხდება ამისთვის.
თერაპევტის ჩართულობა თამაშში სხვადასხვა დონის შეიძლება იყოს – ის შეიძლება იყოს მხოლოდ დამკვირვებელი, ისევ აქტიური მონაწილე და ეს დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის მოთხოვნილებებზე და თერაპევტის მიდგომაზე. თერაპევტმა ყოველთვის უნდა იფიქროს, რა დონის ინტერვენცია იქნება მისაღები კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენად ტოლერანტული შეიძლება იყოს ბავშვი ემოციების პირდაპირ, ან თუნდაც არაპირდაპირ შეხებაზე.ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა პაციენტი და თერაპევტი ერთად ჩადიან ბავშვის ქვეცნობიერის „კურდღლის სოროში“, გზა და გზა პოულობენ და ფრთხილად ხსნიან ქილებს სხვადასხვა გრძნობებით, შიშებით და ფანტაზიებით და სწავლობენ ამ საკითხებთან გამკლავების გზებს. ეს გზა კი ყოველთვის არის უნიკალური და ძალიან საინტერესო თავგადასავალი.
სტატიის ავტორი დინა ანთელავა