„გქონდეს უნარი თავი იგრძნო უსაფრთხოდ სხვების თანდასწრებით — ეს მენტალური ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. უსაფრთხო კავშირები გადამწყვეტია საზრისიანი და დამაკმაყოფილებელი ცხოვრებისათვის.“
— ვან დერ კოლკი
უსაფრთხოების მოთხოვნილება
უსაფრთხოების მოთხოვნილება ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ბაზისური მოთხოვნილებაა. იმისათვის, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გავიზარდოთ, გარემოსთან კონტაქტი დავამყაროთ და სამყაროს ადეკვატურად აღქმა შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ.
როცა ჩვენი ნერვული სისტემა უსაფრთხოებას აღიქვამს, ეს სხეულზეც აისახება — სუნთქვა ღრმავდება, სხეული დუნდება.. ასეთ მდგომარეობაში ჩვენ მზად ვართ კონტაქტისთვის, იღვიძებს სამყაროსადმი ცნობისმოყვარეობა.
როცა უსაფრთხოების განცდა იკარგება, ნერვული სისტემა გადადის თვითგადარჩენის რეჟიმში — ემზადება შებრძოლებისთვის, გაქცევისთვისა თუ გაყინვისთვის.
პოლივაგალური თეორიის ძირითადი პრინციპი
სტივენ პორჯესის პოლივაგალური თეორიის მიხედვით, ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა მუდმივად „ასკანერებს“ გარემოს – წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ცდილობს ამოიცნობს, არის თუ არა გარემო უსაფრთხო. ეს პროცესი ცნობიერად არ მიმდინარეობს, მაგრამ სწორედ ის განსაზღვრავს თუ როგორ ვხედავთ სამყაროს და რამდენად შეგვწევს ძალა მასთან კონტაქტში ვიყოთ.
პორჯესი გვეუბნება, რომ უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა სხეულმა უნდა აღიქვას , მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ტვინს და გონებასაც დამშვიდება.
პოლივაგალური თეორია გვაჩვენებს, რომ ჩვენი ნერვული სისტემა უპირველესად ცდილობს ჰომეოსტაზის, ანუ შინაგანი ბალანსის დაცვას. როცა ნერვული სისტემა უსაფრთხოებას აღიქვამს — ჩვენც ვხდებით უფრო ჯანმრთელები, ემპათიურები და გახსნილები სამყაროსადმი.
ვაგუსის ნერვი – ტვინისა და სხეულის დიალოგი
თეორიის სახელწოდება მოდის ვაგუსის ნერვიდან — ყველაზე გრძელი ნერვიდან ჩვენს ორგანიზმში. ჩარლზ დარვინი მას ასე აღწერდა:
„ეს არის ნერვი, რომელიც ტვინს ტანთან აერთიანებს.“
ვაგუსი ორმხრივად მოქმედებს: გზავნის სიგნალებს როგორც ტვინიდან სხეულში, ისე სხეულიდან ტვინში. ამიტომ, როცა ჩვენ შეგვიძლია სხეული მოვიყვანოთ მშვიდ მდგომარეობაში, ამით ტვინსაც ვამშვიდებთ — სწორედ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად დებ დანას პოლივაგალურ სავარჯიშოებს.
ვაგუსის ნერვი ტვინის ღეროში იწყება და მთელი ორგანოების გავლით მუცლის ღრუმდე ჩადის.ამ ფაქტორის გათვალისწინება მნიშვნელოვანია ორგანიზმის,როგორც ერთი მთლიანობის წარმოდგენისთვის-ეს მთლიანობა შენარჩუნებულია გარე გამღიზიანებელთან ურთიერთქმედების პროცესშიც.(როცა გული ჩქარდება,სანერწყვე ჯირკვალიც აქტიურდება,სუნთქვა ხშირდება დ.ა.შ.)ვაგუსის ნერვი უზრუნველყოფს ჩვენი სასიცოცხლო ორგანოების,ერთობლივ,ურთიერთშთანხმებულ მუშაობას ,რაც საბოლოო ჯამში ორგანიზმის გადარჩენას ემსახურება
ვაგუსის ნერვი არეგულირებს სასიცოცხლო ფუნქციებს: გულისცემას, სუნთქვას, საჭმლის მონელებასა და იმუნურ რეაქციებს. ის პასუხისმგებელია როგორც სხეულის „დასვენებისა და მონელების“, ისე „შებრძოლებისა და გაქცევის“ რეაქციებზე. ვაგუსს ორი ძირითადი განშტოება აქვს — ვენტრალური (წინა) და დორსალური (უკანა).
უსაფრთხოების სამი დონე
პორჯესის მოდელის მიხედვით, ჩვენი ნერვული სისტემა რეაგირებს სამ ძირითად ფორმაში — შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კიბე, რომლის საფეხურებზე ვმოძრაობთ:
1. **ვენტრალური ვაგალური მდგომარეობა — უსაფრთხოება და კავშირი** ეს არის ზედა საფეხური. სხეული მოდუნებულია, სუნთქვა თავისუფალი, ჩვენ ვგრძნობთ სიმშვიდეს, ემპათიას და სურვილს ურთიერთობისკენ.
2. **სიმპათიკური აქტივაცია — შებრძოლება ან გაქცევა** როცა ნერვული სისტემა საფრთხეს ამჩნევს, სხეული იჭიმება, გულისცემა იმატებს, იწყება სტრესის ჰორმონების გამოყოფა. ეს არის თავდაცვითი მობილიზაცია.
3. **დორსალური ვაგალური მდგომარეობა — გაყინვა / გამოთიშვა** თუ საფრთხე ძალიან ძლიერია და გაქცევა შეუძლებელია, სისტემა ითიშება. ჩნდება სისუსტე, სიცარიელის განცდა, გონება თითქოს ქრება. ეს არის სხეულის თავდაცვის ბოლო, გადარჩენაზე ორიენტირებული საფეხური.
სამივე რეაქცია ჩვენი გადარჩენის მექანიზმია. ნერვული სისტემა მუდმივად იკვლევს, რომელ საფეხურზე უნდა გადავიდეს იმისთვის, რომ გადავრჩეთ და თან დავრჩეთ სამყაროსთან და საკუთარ თავთან ურთიერთობაში.
ნეიროცეპცია და კორეგულაცია
ავტონომიური ნერვული სისტემის მხრიდან უსაფრთხოების შენარჩუნებაზე საუბრისას პორგჯესს შემოაქვს ტერმინი ნეიროცეპცია-რაც ავტონომიური ნერვული სისტემის მხრიდან გარემოს “დასკანერებას” წააგავს. ეს პროცესი უსაფრთხოების შენარჩუნებაში,გადარჩენაში გვეხმარება. ნეიროცეპცია მოქმედებს „ხანძრის დეტექტორივით“ — სანამ გონება გააცნობიერებს საფრთხეს, ავტონომიური ნერვული სისტემა ნეიროცეპციის საშუალებით ასკანერებს გარემოს და საფრთხის სიგნალების აღმოჩენისას სხეულში იწვევს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს: იცვლება სუნთქვა, გულისცემა, კუნთების ტონუსი. ეს პროცესი ავტომატურია და გაუცნობიერებლად მიმდინარეობს, თუმცა გადარჩენისთვის აუცილებელია.
ნეიროცეპციის თვალსაზრისით იკვეთება ინდივიდუალური სხვაობები-მაგალითად ზოგი ადამიანისთვის შესაძლოა გარკვეული სუნი,გემო,ხმა(მათი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე )უსიამოვნო ემოციასთან იყოს დაკავშირებული და ნერვულმა სისტემამაც განსხვავებული ,ამ ადამიანისთვის თავისებური საპასუხო რექცია მისცეს ამ გამღიზიანებელზე. სხვა ადამიანისთვის შესაძლოა ეს სუნი თუ გემო პირიქით,სასიამოვნო ემოციას იწვევდეს.
პორჯესის თეორიაში ასევე მნიშვნელოვანი ცნებაა კორეგულაცია. ის აუცილებელია, რათა ურთიერთობებში თავი ვიგრძნოთ უსაფრთხოდ და დაცულად. დაცულად.ავტონომიური ნერვული სისტემა არ მუშაობს იზოლირებულად-ის ნერვული სისტემის სხვა ნაწილებთან არის ურთიერთობაში. ისინი ერთმანეთს მუდმივად აწვდიან უსაფრთხოების სიგნალებს.კორეგულაციის მეშვეობით ემოციური და ფიზიოლოგიური მდგომარეობები სინქრონიზდება ერთმანეთთან.როცა ჩვენ უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა უკეთესად ერევა სტრესს და უარყოფით ემოციებს.
დებ დანას სავარჯიშოები — გზად უსაფრთხოებისკენ
“ჩვენი ნერვული სისტემა მუდმივად ცდილობს გაგვაგებინოს რაღაც და ჩვენი მიზანია გავუგოთ მას,უკეთესად გავიგოთ მისი ხმა…..ჩვენი როგორც თერაპევტების მიზანია, რომ ჩვენს კლიენტებს ნერვული სისტემის ენის გადათარგმნა შევაძლებინოთ.მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენი მიზანია დავამეგობროთ კლიენტი ნერვულ სისტემასტან.”დებ დანა
ტრავმირებულ ადამიანებს დაქვეითებული აქვთ იმის აღქმის უნარი თუ რას განიცდიან, რაპროცესი მიდის მათ სხეულში,და რა ხდება მათ გარშემო. ტრავმის ერთერთი უმთავრესი მახასიათებელი ხომ საპასუხო რეაქციის მოქნილობის დაკარგვაა. ტრავმა გამოვლილ ადამიანს უჭირს აწმყოში ყოფნა,მისი ეს უნარი დაქვეითებულია წარსული გამოცდილების გამო .
თუმცა საკუთარი სხეულის ენის ვერ გაგება არა მხოლოდ ტრავმირებულ ხალხს ახასიათებს.ბავშობიდან მოყოლებული ჩვენ გვაჩვევენ მაქსიმალურად ვდისტანცირდეთ სხეულებრივი შეგრძნებებისგან-ვიჯდეთ ჩუმად და გაუნძრევლად ბაღში ან სკოლაში მერხთან ( მაშინ ,როცა მოძრაობა გვინდა),ჩავიცვათ თბილად,მაშინ როცა არ გვცივა…შევიკავოთ თავი როცა ტუალეტში გასვლა გვინდა..ეს კი ჩვენი სხეულისგან დისოციაციას-დისტანცირებას იწვევს.
სწორედ საკუთარი ნერვული სისტემის,სხეულებრივი შეგრძნებების უკეთესად გასაცნობად,დებ დანამ პოლივაგალური თეორია თერაპიულ პრაქტიკაში გადმოიტანა და შეიმუშავა სავარჯიშოები, რომლებიც ადამიანს საკუთარი სხეულის სიგნალებთან და უსაფრთხოების განცდასთან აკავშირებს.
სავარჯიშოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პერსონალური პროფილის რუკა, რომელიც მოიცავს ვენტრალურ, სიმპათიკურ და დორსალურ მდგომარეობებს. კლიენტი გარკვეული შეკითხვების დასმის შემდეგ აღწერს საკუთარ ფიზიოლოგიურ და ემოციურ საპასუხო რეაქციებს მოცემულ კონკრეტულ მდგომარეობაში, რაც ეხმარება მათ საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებაში და რეაქციის გარდაქმნაში.სავარჯიშოს მიზანი ადამიანის ნერვული სისტემის ვენტრალურ მდგომარეობაში მოყვანა და ამ პროცესის გაცნობიერებაა.
სავარჯიშოს დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აქ და ამჟამად განცდას — გეშტალტთერაპიის ძირეულ პრინციპს. ეს პროცესი ავითარებს ორმაგ ცნობიერებას: ადამიანს შეუძლია ერთდროულად განიცადოს და შეამჩნიოს საკუთარი მდგომარეობა, მოაქციოს ფოკუსში აწმყო და წარსული, დააკვირდეს იმას, რაც ხდება მის გონებასა და სხეულში ერთდროულად.
დასკვნა
პოლივაგალური თეორია გვახსენებს, რომ უსაფრთხოება მხოლოდ ფსიქოლოგიური განცდა კი არა, ფიზიოლოგიური გამოცდილებაა. როცა სხეულს დამშვიდებას ვასწავლით ამით ვეხმარებით გონებასა და ემოციასაც მოიპოვონ ბალანსი.
გეშტალტთერაპიის ენით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს დაბრუნებას კონტაქტში — საკუთარი სხეულის, ემოციებისა და გარემოსთან ცოცხალ დიალოგში. სწორედ ამ კონტაქტში იბადება ნელ-ნელა სიცოცხლის განცდა, აღდგება ნდობა, და ჩნდება სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია თქვას:
„მე აქ ვარ — ვსუნთქავ, ვგრძნობ და ვაცნობიერებ“