როგორ მოქმედებს ოჯახური გარემო ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე?  

 ოჯახი ბავშვის პირველი ემოციური სამყაროა. სწორედ ოჯახში ყალიბდება უსაფრთხოების განცდა, თვითშეფასება, ემოციების გამოხატვის უნარი და ურთიერთობების აღქმა. ბავშვი გარემოს მხოლოდ სიტყვებით არ სწავლობს, ის აკვირდება როგორ რეაგირებენ უფროსები სტრესზე, როგორ გამოხატავენ სიყვარულს, როგორ აგვარებენ კონფლიქტებს და რამდენად უსაფრთხოა ემოციებზე საუბარი.

 კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვის ადრეული ემოციური გამოცდილება პირდაპირ კავშირშია მის მომავალ მენტალურ ჯანმრთელობასთან, ემოციურ მდგრადობასთან  და სოციალური ურთიერთობების ხარისხთან. ოჯახური გარემო შეიძლება გახდეს როგორც უსაფრთხოების ისე, მუდმივი შფოთვის წყარო. რატომ არის ბავშვის ემოციური უსაფრთხოება მნიშვნელობანი?

 ბავშვისთვის ემოციური უსაფრთხოება ნიშნავს განცდას, რომ ის მიღებულია არა მხოლოდ მაშინ, როცა ,,კარგად იქცევა’’, არამედ მაშინაც, როცა მოწყენილია, გაბრაზებულია ან შეცდომას უშვებს. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მისი ემოციები მნიშვნელოვანია, მას უყალიბდება ნდობა საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ. ხშირი კრიტიკა, დამცირება, უგულებელყოფა ან ემოციური სიცივე კი ბავშვის ნერვულ სისტემაზე დიდ გავლენას ახდენს. ასეთ გარემოში ბავშვი ხშირად სწავლობს ემოციების ჩახშობას, საკუთარი თავის გადაჭარბებულ კონტროლს ან მუდმივ შფოთვას.

 რას ნიშნავს რეალურად ,,ჯანსაღი ოჯახი’’?

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი ოჯახი არ ნიშნავს იდეალურ ოჯახს. ყველა ოჯახში არსებობს კონფლიქტი, განსხვავებული აზრი და რთული პერიოდები. მთავარი განსხვავება იმაშია, როგორ უმკლავდება ოჯახი ამ სირთულეებს. მენტალურად ჯანსაღ ოჯახში ადამიანები არ ცდილობენ ემოციების ჩახშობას, ან პრობლემების იგნორირებას- ისინი სწავლობენ დიალოგს, მოსმენას და ერთმანეთის ემოციური გამოცდილებების პატივისცემას. ბავშვები ხშირად საკუთარ პრობლემებზე ღიად არ საუბრობენ , ამიტომ მნიშვნელოვანია, ოჯახში არსებობდეს გარემო, სადაც კითხვები, ემოციები და გამოცდილებები განსჯის გარეშე მიიღება. უბრალო შეკითხვაც კი, როგორიცაა ,,როგორ ჩაიარა შენმა დღემ’’? ან  ,,დღეს რამ გაგახარა ან გაწყენინა?’’ ბავშვს აძლევს განცდას, რომ მისი შინაგანი სამყარო მნიშვნელოვანია.

როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტი ჯანსაღ ოჯახში?

კონფლიქტის არარსებობა ჯანსაღ ურთიერთობას არ ნიშნავს. რეალურად კონფლიქტი ბუნებრივი პროცესია, რადგან ადამიანები განვსხვავდებით  ერთმანეთისგან. მნიშვნელოვანია როგორ ვაგვარებთ მას. ყვირილი, დამცირება, იგნორირება და ემოციური მანიპულაცია პრობლემას უფრო ამძაფრებს, ხოლო მშვიდი დიალოგი, პასუხისმგებლობის აღება და ერთმანეთის მოსმენა ურთიერთობას უფრო უსაფრთხოს ხდის. მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა და საჭიროებს ყურადღებას, ზრუნვასა და მხარდაჭერას. ოჯახი კი შეიძლება იყოს პირველი სივრცე, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ დახმარების თხოვნა სისუსტე არ არის.

   მნიშვნელოვანია:

  • ემოციების მიღება-,,ვხედავ, რომ გაბრაზდი’’, და არა ,,ნუ ტირი“
  • მშობელი, როგორც მაგალითი- ბავშვი სწავლობს იმას, რასაც ხედავს. როგორ ვმართავ ბრაზს-ბავშვი იმეორებს იგივეს.
  • ხარისხიანი ყურადღება – ბავშვს სჭირდება არა მხოლოდ დრო, არამედ ყურადღება. ტელეფონის გარეშე საუბარი, დღეში მინ. 10-20 წუთი სრული ჩართულობა.
  • ჯანსაღი საზღვრები- მკაფიო წესები, რა შეიძლება და რა არ შეიძლება რომ გავაკეთო.
  • კონფლიქტის მართვა – ბავშვმა უნდა ნახოს როგორ აგვარებენ მშობლები რთულ სიტუაციებს, როგორია შერიგება.
  • მშობლის ემოციური ზრუნვა – დაღლილი მშობელი ვერ აძლევს ბავშვს სტაბილურობას, აუცილებელია დასვენების დასწავლა.

                     ოჯახების საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ ბავშვის მენტალური ჯანმრთელობის საფუძველი ხშირად ყოველდღიურ, პატარა დეტალებში იწყება-მოსმენაში, მხარდაჭერაში, უსაფრთხო კომუნიკაციაში და იმ განცდაში, რომ ის მიღებულია ისეთი, როგორიც არის.

წყაროები: World Health Organization(Who), American Psychological Association(APA), UNICEF- Child Development and mental Health Harvard Center on the developing Child.

                                                                                                                               ნინუცა გიორგობიანი

                                                                                                                             ბავშვთა ფსიქოლოგი